სუბლიმირებული პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „გემუანი“ საკუთარი პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას გეგმავს.
როგორც კომპანიის დირექტორი ნონა თორდია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრსას აცხადებს, მოყინვის მეთოდით გამომშრალი ხილი და ბოსტნეული გავა როგორც ქართული ჩიფსის, ისე ინგრედიენტების სახით.
მისივე თქმით, პროდუქციამ 1 თვის წინ უკვე მიიღო IFS სერთიფიკატი, რომელსაც ევროკავშირის ბაზარი ითხოვს, ამჟამად კი მოლაპარაკებები, ორ საერთაშორისო კომპანისთან მიმდინარეობს.
ამასთან, კომპანია გარდა ხილისა და ბოსტნეულის წარმოებისა, კიდევ ერთი ხაზის, რძის, ხორცისა და თევზის პროდუქტების დამატებსაც გეგმავს.
ცნობისთვის, „გემუანის“ საწარმო 2018 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაიხსნა. თუმცა, ამავე ტერიტორიაზე 111 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთს 2011 წლიდან ფლობდა, სადაც ჩაის, კივის, და თხილის პლანტაციები აქვს გაშენებული.
ულტრათანამედროვე ყინვის საშრობში ნედლეული ღრმად იყინება, შემდეგ თავსდება სპეციალურ საშრობში, სადაც დაბალი წნევის ქვეშ ყინული სწრაფად გადადის აირისებრ მდგომარეობაში. როგორც ნონა თორდია ამბობს, ყინვით გამშრალი საკვების ბრენდი, მხოლოდ ხილისგან, დანამატების, დამატკბობლებისა და კონსერვანტების გარეშე მზადდება, თანაც ისე, რომ ვიტამინების 98%-ს ინარჩუნებს.
„ტექნოლოგიას, რომელსაც ვიყენებთ გულისხმობს იმას, რომ ჯერ პროდუქტის გაყინვა მიმდინარეობს, შემდეგ გაშრობა. პროდუქტს ვყინავთ -45 გრადუსზე, ჰაერის ბალიშზე, მერე უკვე პროდუქტი შედის სუბლიმატორში, სადაც ხდება გაშრობა. ეს არის ვაკუუმის ტიპის აპარატი. გაყინვის დროს პროდუქტში არსებული წყალი იყინება და კრისტალდება, ვაკუუმში კი ეს კრისტალი პროდუქტიდან ორთქლდება. კრისტალის ადგილზე რჩება თავისუფალი ადგილი, ამიტომ პროდუქტი ხდება ხრაშუნა. ამ მეთოდით ყველა მიკროელემენტი და ვიტამინების 98% ნარჩუნდება“,- აცხადებს ნონა თორდია.
მისივე ინფორმაცით, ამ ეტაპზე კომპანია უკვე 80-მდე სახეობის ხილსა და ბოსტნეულს აწარმოებს, მათი რაოდენობა კი მუდმივად მზარდია.
„ჯერჯერობით რეგიონის მასშტაბით ვართ პირველი კომპანია, ვინც ამ მეთოდით ამუშავებს პროდუქტს. დღეს უკვე 80-მდე სახეობის ხილსა და ბოსტნეულს ვაწარმოებთ. ერთია ჩიფსების და მეორე - ინგრედიენტების მიმართულება, რომელსაც ძირითადად დიდი კომპანიები იყენებენ. ამასთან, სულ ახლახანს დავამატეთ მწვანილების, ყვავილებისა და პუდრების ხაზიც. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ევროპაში, საერთოდ უარს ამბობენ შაქარზე, ამის ალტერნატივა სწორედ სუბლიმირებული პროდუქტებია“,-აღნიშნავს ნონა თორდია.
კომპანია „გემუანის“ მიერ წარმოებული პროდუქტები ძირითადად დიდ სუპერმარკეტებსა და სასტუმროებში იყიდება, თუმცა კონკრეტულად ჩიფსის ხაზი საქართველოს კინოთეატრებშიც ხელმისაწვდომია. ამასთან, როგორც ნონა თორდია აღნიშნავს, პროდუქცის ღირებულება 5-დან 15 ლარამდე მერყეობს.
„ჩვენ ძირითადად სავაჭრო ქსელებში და რამდენიმე პატარა მაღაზიაში ვართ წარმოდგენილი. ნელ-ნელა ვცდილობთ გავფართოვდეთ. თუმცა, სამწუხაროდ, დისტრიბუციის პრობლემა არსებობს საქართველოში და უფრო სწრაფი ტემპებით ვერ მივიწევთ წინ. ჩვენ ასევე შევედით კინოთეატრებში, სადაც ჩიფსი, როგორც პოპკორნის ალტერნატივა, ისე იყიდება. აგრეთვე ვთანამშრომლობთ რამდენიმე სასტუმროსთან, სადაც ჩვენი ჩიფსები მინი ბარებშია“,- აცხადებს ნონა თორდია.
მისივე ინფორმაციით, კომპანია პროდუქციის დასამზადებლად მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს.
„ჩვენის მიერ გამოყენებული ნედლეული მხოლოდ ადგილობრივია. თითქმის ყველა რეგიონთან ვთანამშრომლობთ. ახლა კომპანიაში დავნერგეთ ახალი პროგრამა და მომწოდებლებთან სხვა ტიპის მუშაობაც დავიწყეთ. კერძოდ, შევქმენით სპეციალური ბროშურა, თუ როგორ უნდა მოხდეს პროდუქტის მოყვანა და მოკრეფა, რათა კვალიფიკაცია ავუმაღლოთ იმ ფერმერების, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ“,-აცხადებს ნონა თორდია.
მისივე თქმით, კომპანია წელიწადში დაახლოებით, 33 ტონამდე პროდუქტს აწარმოებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ქარხანა 1 წელია გაიხსნა, სრული დატვირთვით ჯერ კიდევ ვერ მუშაობს.
ამასთან, კომპანია აქტიურია ექსპორტის იმართულებითაც. როგორც ნონა თორდია აცხადებს, „გემუანის“ პროდუქცია უკვე გადის ბელგიაში, ნიდერლანდებსა და ჩეხეთში, თუმცა მოლაპარაკებები 2 საერთაშორისო კომპანისთან მიმდინარეობს და სავარაუდოდ, სულ მალე მათი პროდუქცია ევროპის ყველა ქვეყნის ბაზარზე შევა.
„ნელ-ნელა დავიწყეთ ექსპორტზე გასვლა. უკვე გავედით ბელგიაში, ნიდერლანდებში და ახლა უკვე ჩეხეთში. თუმცა, ნიმუშების დიდი რაოდენობა ყველგან გავაგზავნეთ. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ISO-ს სერთიფიკატი ევროპის ბაზარზე უკვე აღარაფერს ნიშნავს, ამიტომ IFS სერტიფიკატის აღება მოგვიწია, რომელიც ერთი თვის წინ ჩამოგვივიდა. ახლა უკვე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ დიდ საერთაშორისო კომპანიასთან, რომელიც ჩვენს პროდუქციას ევროპის ქვეყნებში თავად გაანაწილებს. გავა როგორც ჩიფსი, ისე ნედლეული.
ასევე საუბარია ისრაელზე, ვნახოთ რა იქნება“,-აცხადებს ნონა თორდია.
ამასთან, როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, შესაძლოა, „გემუანს“ სულ მალე კიდევ ერთი ხაზი, ხორცის, რძისა და თევზის პროდუქტები დაემატოს.
“სისტემატიურად ვამატებთ პროდუქტებს, თუმცა ძირითადად ხილზე და ბოსტნეულზე ვართ ორიენტირებული.
იმისთვის, რომ ახალი პროდუქტებზე გადახვიდე, საჭიროა, ახალი ხაზის დამატება, რადგან კარგ ტონად არ ითვლება ხილისა და მაგალითად, ხორცის ერთი ხაზით დამზადება. თუმცა, რა თქმა უნდა, გეგმაში გვაქვს ეს ხაზიც დავამტოთ და ხორცის, რძისა და თევზის პროდუქტებიც ვაწარმოოთ“,- აცხადებს ნონა თორდია.