ფრანგულმა Renault-მა გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც იუწყება, რომ იტალიურ-ამერიკული კონგლომერატისგან FCA (Fiat Chrysler Automobiles) გაერთიანებაზე შეთავაზება მიიღო. შეთავაზება ითვალისწინებს ერთმანეთის წილის ფლობას პარიტეტული ოდენობით. თუ გადაწყვეტილება იქნება დადებითი, კომპანიები შეძლებენ ყოველწლიურად 5 მილიარდი ევროს ხარჯების დაზოგვას.
Renault-თან გაერთიანება საშუალებას იძლევა, „გაიზარდოს ბრენდების პოზიცია დარგის მასშტაბური ტრანსფორმაციის გზაზე“, ასევე შესაძლებელს გახდის ბაზრის სხვადასხვა სეგმენტზე გასვლას, მასიურიდან პრემიუმ სეგმენტამდე. თუ FCA შევა ალიანსში Renault-Nissan-თან, ეს იაპონური ბრენდის პოზიციებზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს, ვინაიდან 11-დან 10 ადგილს დირექტორთა საბჭოში დაიკავებენ FCA და Renault-ის წარმომადგენლები, – წერს Automotive News Europe. „ხოლო კარლოს გონის დაკავების ფონზე, ეს კიდევ უფრო მეტად დაძაბავს Renault–სა და Nissan-ს შორის ურთიერთობას“, - დასძენს გამოცემა.
ცნობისთვის, 2018 წელს Renault-ის ჯგუფმა 3 884 295 ავტომობილი გაყიდა, FCA კი - 4 650 000. Renault, Nissan და Mitsubishi-ის ჯამურმა გაყიდვებმა კი 10,76 მილიონი შეადგინა, მათმა ყველაზე ახლო მდგომმა კონკურენტმა, Volkswagen Group-მა კი ამავე პერიოდში —10,83 მილიონი ავტომობილი გაყიდა. თუ ალიანსის ყველა წევრი გაერთიანებაში დარჩა, მსოფლიოს ახალი, ნომერ პირველი ავტომწარმოებელი ალიანსი ეყოლება 15 მილიონზე მეტი გაყიდვით.