ლევან დავითაშვილი აგროდაზღვევაზე - მედია უნდა მოგვეხმაროთ, მეტი პოპულარიზაციაა საჭირო - ადამიანების ჩართულობა არის ერთადერთი გამოწვევა და მეტი არაფერი

აქ პრობლემა რა არის, თქვენც უნდა მოგვეხმაროთ მედია, იმიტომ, რომ ეს არის მოსახლეობასთან მისატანი. ადამიანების ჩართულობა არის ერთადერთი გამოწვევა და მეტი არაფერი,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავიაშვილმა აგროდაზღვევის პროგრამის კომენტირებისას განუცხადა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის არსებობის მიუხედავად, რატომაა კვლავ აქტუალური საკითხი, რომ დაზარალებული გლეხების უმეტესობას მოსავალი დაზღვეული არ აქვს, მინისტრი განმარტავს, რომ მთავარი გამოწვევა სწორედ პროგრამაში ადამიანების ჩართულობაა და ამ მხრივ ცნობიერების გაზრდაა საჭირო, მათ შორის მედიის მეტი ჩართულობა წარმატებული მაგალითების ჩვენების თვალსაზრისით.

„სახელმწიფო ყოველ წელს ბიუჯეტში ითვალისწინებს სახსრებს და გააჩნია კონკრეტული პროექტი ამ მიმართულებით. სადაზღვევო კომპანიებთან ერთად, წლიდან წლამდე სადაზღვევო პროდუქტის ხარისხი უმჯობესდება. მნიშვნელოვანია, რომ მეტი ადამიანი მოვიზიდოთ, რომელიც როგორც სერვისის გაუმჯობესებაში, ისე ტარიფების შემცირებაში დაგვეხმარება.

დაბალ ჩართულობას მოსახლეობის ცნობადობა განაპირობებს. ცნობადობის გაზრდა არის ყველას ერთიანი საქმე. ჩვენ მოვუწოდებთ წლებია, მედია უნდა მოგვეხმაროს მეტი პოპულარიზაციაა საჭირო და სწორი მაგალითების, ანაზღაურების მაგალითების ჩვენება, რათა ადამიანები დავარწმუნოთ, რომ ერთადერთი სწორი და სისტემური გადაწყვეტა სტიქიებთან ბრძოლის და სოფლის მეურნეობაში რისკების მინიმიზების არის აგროდაზღვევა,“-აცხადებს ლევან დავითაშვილი.