აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,კირნათი ჰესი”-ს მშენებლობის გამო შპს ,,აჭარ ენერჯი - 2007“-ს რამდენიმე მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) უფლება მიენიჭა.
კომპანიის მითითებით, მათ მიერ განხორციელებულია საკმაოდ დიდი ოდენობის ინვესტიცია და მიმდინარე ეტაპზე პროექტის განხორციელებისათვის დასაქმებულია 140 თანამშრომელი, აქედან 107 საქართველოს მოქალაქეა.
ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით როგორც სახელმწიფოსაგან, ისე კერძო მესაკუთრეებისაგან შესყიდულია დაახლოებით 233 მიწის ნაკვეთი. მაგრამ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობა) ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება რამდენიმე ფიზიკურ პირთან ვერ მოხერხდა.
კერძოდ, პროექტის ფარგლებში ექცევა და ექსპროპრიაციას დაექვემდებარება: ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მარადიდში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, რომლის თანამესაკუთრეები არიან ზეინაბ დიდმანიძე, სერვეთ დიდმანიძე და ტარიელ დიდმანიძე. ასევე მარადიდში მდებარე ირინე დადმანიძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, „კირნათი ჰესი“-ს მშენებლობის ნებართვა ძალაშია 2019 წლის სექტემბრამდე. ჰესის მშენებლობის არეალში მდებარე მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა კი 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით უნდა განხორციელდეს.
ცნობისთვის, კომპანია ,,აჭარ ენერჯი - 2007-სა“ და მთავრობას შორის 2011 წლის 1 ივლისს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, კომპანიას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უნდა უზრუნველეყო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, მათ შორის ,,კირნათისა“ და ,,ხელვაჩაური 1” -ის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. ამასთან, „ხელვაჩაური 1 ჰესი“-ს მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება დასრულებულია. ამჟამად, მიმდინარეობს ,,კირნათი ჰესი”-ს პროექტის სრულად დასრულება.