აკაკი ზოიძე - მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ერთვებიან საპენსიო რეფორმის განხილვაში

მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ერთვებიან საპენსიო რეფორმის განხილვაში, რომელიც მომავალ თაობას აუცილებლად შეეხება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, საპენსიო რეფორმის უშუალო ბენეფიციარები ახალგაზრდები არიან და მნიშვნელოვანია, რომ მათ ამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეთ.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ერთვებიან საპენსიო რეფორმის განხილვაში, იმ რეფორმის გაცნობაში, რომელიც თქვენ მომავალს აუცილებლად შეეხება. თქვენ ხართ რეფორმის უშუალო ბენეფიციარები, შესაბამისად, ამომწურავი ინფორმაცია უნდა გქონდეთ როგორც იმ სარგებელზე, რაც ამ რეფორმამ შეიძლება მოუტანოს ქვეყანას და თითოეულ თქვენთაგანს, ასევე იმ რისკებთან დაკავშირებით, რომლებზეც საზოგადოებაში საკმაოდ ფართო დისკუსია მიდის. საპენსიო რეფორმა ნამდვილად არის მომავლის რეფორმა, რომელსაც ამ ქვეყნის მომავალში სჭირდება რწმენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მსჯელობა უსაგნო გახდება იმიტომ, რომ თუ არ გვჯერა, რომ სახელმწიფო განვითარდება და საქართველო იქნება ეკონომიკურად ძლიერი თქვენი თაობის დროს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რთული იქნება სრული სურათი წარმოვიდგინოთ იმ სარგებლის, რაც შეიძლება რეფორმამ მოიტანოს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

აღნიშნულ კომენტარს საპენსიო სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.