გზების დეპარტამენტი - ანაკლიის გზისა და რკინიგზის  საპროექტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპროექტო ორგანიზაციამ, საავტომობილო გზების დეპარტამენტს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მიმართულების 4 ვარიანტი წარუდგინა. წარმოდგენილი ვარიანტებიდან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკურმა საბჭომ, პირველ ვარიანტს მიანიჭა უპირატესობა. საპროექტო ორგანიზაცია, შერჩეულ საუკეთესო მიმართულებაზე გააგრძელებს დამატებითი კვლევა-ძიების სამუშაოებს დეტალური პროექტის წარმოსადგენად.

„დეტალური პროექტირებისთვის მიმართულების შერჩევა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია. შერჩეულ მიმართულებაზე დეტალური გეოლოგიური სამუშაოები დაიწყება, მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტები.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ ახორციელებს. „სმექმა“ პროექტირება ოქტომბერში უნდა დაასრულოს. პროექტირების სახელშეკრულებო ღირებულება კი 7 მილიონ ლარს შეადგნს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა ნავსადგურის ოპერირების დაწყებამდე დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.