ქართული ღვინო და გასტრონომია იაპონიაში

ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse” პროექტის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ფარგლებში, რიგით მეორე გამოფენა გაიმართა.

პროექტმა, რომელიც ორი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა, ათასობით იაპონელ დამთვალიერებელს უმასპინძლა.

პროექტი „საქართველო − ღვინის სამშობლო“ მსოფლიოში საქართველოს, ქართული ღვინისა და უნიკალური კულტურის წარმოჩენას ემსახურება. ქართული ღვინო, მეღვინეობა, მევენახეობა − ქართული იდენტობის ნაწილია. ამ იდენტობის ნაწილია ქართული სუფრა და ქართული გასტრონომიაც. ამიტომ, პროექტი „საქართველო ღვინის სამშობლო“ ქართული სუფრის, როგორც უმნიშვნელოვანესი კულტურის ნაწილის, პოპულარიზაციას ემსახურება.

როგორც აღნიშნული პროექტის მენეჯერი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე განმარტავს, საქართველოს უნიკალური ტრადიციებისა და კულტურის, ქართული ღვინისა და „ქართული სუფრის“ პოპულარიზაციის მიზნით რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა.

ერთ-ერთი ასეთი, „გაკუშიკაიკანში“ გამართული ღონისძიება იყო, რომელზეც ქართული ღვინო ქართულ და ფრანგული კერძებთან ერთად იყო წარმოდგენილი. „გაკუშიკაიკანი“ 1928 წელს შექმნილი შვიდი მსხვილი ეროვნული უნივერსიტეტის (ტოკიოს, ჰოკაიდოს, ტოჰოკუს, ნაგოიას, კიოტოს, ოსაკას, კიუშუს უნივერსიტეტების) გაერთიანებაა. ქართული და ფრანგული კერძები კი გაკუშიკაიკანის დირექტორმა და მთავარმა შეფ-მზარეულმა, მასარუ ოსაკამ და ცნობილმა ქართველმა მზარეულმა, თეკუნა გაჩეჩილაძემ მოამზადეს.

პროექტ „საქართველო ღვინის სამშობლოს“ ფარგლებში, ტოკიოში ასევე გაიმართა „ქართული სუფრის მასტერკლასი“, რომლის პრეზენტატორი და თამადაც მწერალი ზურაბ ქარუმიძე იყო.

„ამ პროექტში ძალიან მნიშვნელოვანია ბატონ ზურა ქარუმიძის ჩართულობა. საკმაოდ რთულია, როდესაც ასეთი საპატიო მისია გაქვს: უცხოელებს, ვინც საერთოდ არ იციან საქართველოს შესახებ არაფერი, ერთ ან ორ საათში მოუყვე მისი ისტორიის ადათ- წესებისა და ტრადიციის შესახებ, სუფრისა და ღვინის სმის კულტურის შესახებ და თანაც ისე, რომ დამსწრე საზოგადოების აღტაცება დაიმსახურო“, - განმარტავს დავით ტყემალაძე.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ იაპონიაში სახელგანთქმული ქართველი სუმოისტებიც ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), რომლებიც იაპონიაში საქართველოს ჯერჯერობით არაოფიციალური ელჩები არიან.

გამოფენის დახურვისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც ქართული სუფრის ტრადიციით გაიმართა, რომელსაც იაპონიაში მოღვაწე, იაპონიის იმპერატორის თასის მფლობელი ცნობილი ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი უძღვებოდა. საზეიმო მიღებაზე ქართული მრავალხმიანი სიმღერის რამდენიმე გამორჩეული ნიმუში იაპონური ანსამბლის „იამასირო გუმის“ მომღერლებმა შეასრულეს. იხილეთ სრულად