თბილისი-თეირანის მიმართულებით ფრენებს ახალი ქართული ავიაკომპანია ასრულებს

თბილისი-თეირანის მიმართულებით ფრენებს ახალი ქართული ავიაკომპანია "Flyvista" ასრულებს.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეისები კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და ხუთშაბათს 4 აგვისტოდან სრულდება.

"მოხარული ვარ გაცნობოთ "Flyvista"-ს ფრენების ოპერირების დაწყების შესახებ. ბაზრის კვლევა ცხადყოფს, რომ არსებობს საკმარისი მგზავრთა ნაკადი საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მარშრუტით და ასევე თბილისი-თეირანის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრული და კონკურენტუნარიანი მოგზაურობის ალტერნატივა ხელს შეუწყობს ტურისტულ საქმიანობას საქართველოში", - აცხადებს " Flyvista"-ს აღმასრულებელი დირექტორი გრეგორი

პომერანცევი.

"Flyvista" დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს გეგმურ ფრენებს თბილისიდან მეზობელ ქვეყნებში ხელმისაწვდომ ფასად. თბილისი-თეირანი-თბილისის რეისზე ბილეთის ფასი ერთი გზის მიმართულებით დაახლოებით 99 ამერიკული დოლარი ეღირება. რაც შეეხება "Flyvista"-ს პარტნიორ კომპანია "AeroVista"-ს, ეს არის თვითმფრინავების ლიზინგისა და მენეჯმენტის საკითხების პროვაიდერი კომპანია, რომლის სათავო ოფისი დუბაიში მდებარეობს.

1999 წლიდან "AeroVista" მუშაობს როგორც შიდა, ასევე რეგიონულ ავიახაზებთან დსთ-ს, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის ბაზარზე და თავის პარტნიორებს სთავაზობს მათზე მორგებულ, სპეციფიკურ გადაწყვეტილებებს.