ევროპის ცენტრალური ბანკი მიმოქცევაში ახალ 100 და 200-ევროიან ბანკნოტებს გამოუშვებს, რომლებიც შეცვლილი გამოსახულებით და დაცვის ახალი ელემენტებით გამოირჩევა. ახალი ბანკნოტები, პირველ ვერსიებზე (რომლებიც მიმოქცევაში 2002 წლიდანაა) პატარებია.
ახალი ბანკნოტები სერია „ევროპას“ ნაწილია და იმით გამოირჩევა, რომ მათზე ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის გამოსახულებაა დატანილი. ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) აღმასრულებელი საბჭოს წევრი ივ მერში ამბობს, რომ ახალი ბანკნოტების მიმოქცევაში გამოსვლამდე, ფულის მთვლელ მანქანებს ადაპტაცია ჩაუტარდება.
ახალი ბანკნოტები ბამბის ბოჭკოვან ფურცლებზე დაიბეჭდება და ინგლისის ბანკის ახალი პოლიმერული ბანკნოტებისგან განსხვავებით, არ შეიცავს ცხოველურ პროდუქტებს. მათზე ევროკავშირის ახალი რუქაა განლაგებული, რომელსაც პირველი ბანკნოტების გამოსვლის შემდეგ, ორი ახალი ქვეყანა დაემატა.
ახალ ბანკნოტებს დაცვის უფრო რთული ნიშნები აქვს. მათ შორისაა ევროს წვრილი სიმბოლოებისგან შექმნილი ჰოლოგრამული გამოსახულება და მითოლოგიურ პრინცესა ევროპას სურათი.
ECB-მ დაადასტურა, რომ აღარ აპირებს 500-ევროიანი ბანკნოტების ბეჭდვას. ცნობილია, რომ ამ მსხვილ ბანკნოტებს კრიმინალები ყველაზე ხშირად აყალბებენ. ამის გამო, ინგლისის ბანკი 500-ევროიანებს 2010 წლიდან აღარ იყენებს.
ECB აცხადებს, რომ საბარათე ოპერაციების მოცულობის ზრდის მიუხედავად, ნაღდ ფულზე მოთხოვნა არ კლებულობს. პირიქით, ევროს მიმოქცევაში გამოშვებიდან მოყოლებული (2002 წლიდან), ევროს ფულადი ნიშნების მოცულობა გასამმაგებულია. ამჟამად მიმოქცევაში 21 მილიარდი ბანკნოტია, რომელთა ჯამური ღირებულებაც 1.2 ტრილიონ ევროს შეადგენს.