ნიკა ობოლაძე - საქართველო აზერბაიჯანის გარეშე იქცევა 1995-1999 წლის საქართველოდ, აზერბაიჯანი კი საქართველოს გარეშე - ბელორუსად

„გირჩის“ ყოფილი წევრი და ჟურნალისტი ნიკა ობოლაძე დავით გარეჯში მიმდინარე აქციას სოციალურ მედიაში ვრცელი პოსტით ეხმაურება.

ობოლაძე წერს, რომ არ არსებობს აზერბაიჯანის სუვერენიტეტი, საქართველოს სუვერენიტეტისა და კეთილდღეობის გარეშე და პირიქით, არ არსებობს საქართველოს სუვერენიტეტი და კეთილდღეობა აზერბაიჯანის გარეშე.

"დავით გარეჯი საქართველოა - მანამ სანამ საქართველო არსებობს.

აზერბაიჯანის გარეშე:

ა) საქართველო დარჩება ბუნებრივი აირის გარეშე, ანუ უბრალოდ ზამთარში ვეღარ გავთბებით, გაჩერდება საწარმოები, არ გვექნება ელექტროენერგია, რომელსაც თბოსადგურები აწარმოებენ აზერბაიჯანიდან მიღებული გაზით.

აქ საუბარი არ არის ფასზე, ფიზიკურად არ გვექნება.

რაც გვაქვს, ის ეკონომიკაც განახევრდება.

თუ რუსეთმა ჩაანაცვლა ენერგეტიკული კუთხით აზერბაიჯანი, ეს იმ 26 მაისისა და დამოუკიდებლობის გაუქმებას ნიშნავს, რაც რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ, ეს იქნება ბელორუსი, და არა საქართველო.

ბ) საქართველოში ინვესტიციების სახით ყველაზე მეტი ფული აზერბაიჯანიდან შემოდის - შეწყდება.

გ) საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი აზერბაიჯანიდან შემოდის - შეწყდება.

დ) აზერბაიჯანი ჩვენთვის ნომერი 2 საექსპორტო ბაზარია (ნომერი 1 რუსეთია, ესეც ძალიან ცუდი) - შეწყდება.

საქართველოსა და აზერბაიჯანის მტრულ რეჟიმში გადაყვანა გამოიწვევს საქართველოს ვენესუელიზაციას.

$1 გახდება 7, 8, 10 ლარი - არ ვაჭარბებ.

აზერბაიჯანი საქართველოს გარეშე მოექცევა იზოლაციაში და იქცევა ბელორუსად.

საქართველო აზერბაიჯანის გარეშე იქცევა 1995-1999 წლის საქართველოდ.

გაყინულ, ჩაბნელებულ, კრიმინალით სავსე, ჰიპერინფლაციის მქონე ე.წ. ქვეყნად. ეკონომიკა მინიმუმ განახევრდება. მართლა 90-იანებს მივიღებთ აზერბაიჯანთან სრულმასშტაბიანი დაპირისპირებით.

ეს დასასრული იქნება ბევრი ჩვენგანის ცხოვრებისთვის და დასასრული იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის.

ვინ მიიყვანა საქმე აქამდე? - სალომე ზურაბიშვილმა?

თქვენ თამაზ მეჭიაური გახსოვთ? აი, სისულელეებს რომ ამბობდა კომიტეტის თავმჯდომარე კაცი და ჟურნალისტებიც რომ ერთობოდნენ ამით?

რაღაც მომენტში მივხვდი, რომ იმ სიგიჟეზე პასუხისმგებელი, რასაც ტელევიზორით ვუყურებდი, მეჭიაური კი არა, თუნდაც ჟურნალისტები და ხალხი იყო, ვინც ამას სერიოზულად ვუყურებდით - მეც.

მომინდა მეთქვა, კაი ხო, უჭირს და დასცინი? აი ისე, ვიდეო რომ არის - „სარგებლობთ თუ არა ფეისბუქით“.

ხოდა, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა არ მოსულა.

ალიევსაც, ტრამპსაც, ერდოღანსაც და პაშინიანსაც უნდა ვუთხრათ, რომ არ მოუსმინონ, ასეთი დრო გვიდგას და ჩვენც გვრცხვენია ამის გამო.

არ უნდა დავუშვათ საქართველოსა და აზერბაიჯანის დაპირისპირების შეუქცევად რეჟიმში გადაყვანა - ეს მართლა ქვეყნის დასასრულია.

დავით გარეჯი, ცხინვალი, სოხუმი, სოჭი, ჰერეთი და რიზე საქართველოა თუ არა, კი მნიშვნელოვანი და საინტერესო თემებია, მაგრამ, ისე არ ვქნათ, რომ გარეჯისთვის ვიბრძოდეთ და საქართველო დავკარგოთ.

მით უმეტეს, რა არის საბრძოლველი.

თუ კომუნისტების დროს, რაღაც მომენტში, საზღვარი ისე არ გაივლო, როგორც საჭირო იყო, ეგეც ყველაზე ნაკლებად აზერბაიჯანელების ბრალია, ალბათ, ხომ? და მეტად - ქართველების.

ნუ დავაყენებთ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ.

არ არსებობს საქართველოს სუვერენიტეტი აზერბაიჯანის გარეშე და არ არსებობს აზერბაიჯანის სუვერენიტეტი საქართველოს გარეშე.

მართლა არ არსებობს.

ვულოცავ საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას. მისალოცია“, - წერს ნიკა ობოლაძე.

(R)