2019 წლის 1-ელ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოპარკი საქართველოში 5%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ ჩატარებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გამონაბოლქვზე და საგზაო უსაფრთხოებაზე დიდი გავლენა აქვს ავტოპარკის ასაკს და მდგომარეობას. მათივე ცნობით, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს აქტიურ ავტოპარკს 1 333 499 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეადგენს, რაც 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 5%-იან ზრდას წარმოადგენს.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, ავტოპარკის 82%-ს მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეადგენს, 88% კი ფიზიკური პირების მფლობელობაშია.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, წინა წლის მსგავსად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების 90% 10 წლის და მეტი ასაკის, ხოლო 56% - 20 წლის და მეტი ასაკის არის. ავტოპარკის 36% რეგისტრირებულია თბილისში, თუმცა, დედაქალაქში მოძრავი საშუალებების რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია, საქმიანობის სფეროდან გამომდინარე.