თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი და სამშენებლო მტვერი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურესბის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიში წარადგინა.
მისი განცხადებით, ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უხარისხო საწვავთან ერთად, არის მოძველებული ავტოპარკი. მისი ინფორმაციით, სერიოზული ხარვეზები გამოიკვეთა ტექდათვალიერებასთან დაკავშირებითაც.
„თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი. ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ის მითი, თითქოს მხოლოდ უხარისხო საწვავია ამის მიზეზი, სიმართლეს არ წარმოადგენს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს გახლავთ მოძველებული ავტოპარკი. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ რაც არ უნდა ხარისხიანი საწვავი ჩავასხათ გაუმართავ ავტომობილში, მაინც სავალალო შედეგს ვიღებთ.
აღმოვაჩინეთ გარკვეული ხარვეზები ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ უნდა გაძლიერდეს ტექდათვალიერების სტანდარტი, განსაკუთრებით ეკოლოგიურობის კუთხით. უკვე დაფიქსირებულია გარკვეული სახის დარღვევები და რამდენიმე ადამიანი უკვე პასუხისგებაშიც კი იქნა მიცემული ორგანზიებული ჯგუფის შექმნისთვის, რომელიც უზრუნველყოფდა ე.წ. კატალიზატორების გაცვლას იმისათვის, რომ ტექდათვალიერების სტანდარტები დაეკმაყოფილებინათ მანქანებს. აუცილებელია, გაძლიერდეს მონიტორინგი და დაიდოს ახალი გეგმა, თუ როგორ გაუმჯობესდება ტექდათვალიერების ხარისხი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
მისი თქმით, ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ასევე, სამშენებლო მტვერი. როგორც კუჭავამ განაცხადა, დღეს თბილისში არ მოქმედებს არანაირი რეგულაცია და სანქცია სამშენებლო მტვერთან დაკავშირებით.
„დიახ, დღეს არ არსებობს არანაირი რეგულაცია და სანქცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხორციელდება მშენებლობები. ჩვენ ვხედავთ, მშენებლობების გვერდზე, საფეხმავლო ბილიკებზე როგორ ყრია ქვიშა, ცემენტი, როგორ ხდება ქვების დამუშავება მშრალი წესით და ამტვერება ხდება ჰაერში, ასევე, გადაზიდვის დროს არ არის გადახურული და იფრქვევა ჰაერში და ბევრი სხვა მიზეზი.
ამასთან დაკავშირებით ინიციატივაც კი განიხილება და მას მეორე მოსმენით წარვადგენ, რაც გულისხმობს სანქციების დაწესებას ყველა იმ მშენებლის მიმართ, ვინც არ დაიცავს ამ მინიმალურ სტანდარტს,“ - განაცხადა კუჭავამ.