საქართველოში ყოველ მესამე ადამიანს საკრედიტო ბარათი აქვს

საქართველოს მასშტაბით მიმოქცევაში დაახლოებით 1.5 მლნ საკრედიტო ბარათია.

იმის გამო, რომ მომხმარებლებს ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ ამ საბანკო პროდუქტით სარგებლობის დროს ექმნებათ, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკები“, საკრედიტო ბარათების პირობებთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოში 21 კომერციული ბანკიდან საკრედიტო ბარათებს მხოლოდ 8 ბანკი უშვებს. საკრედიტო ბარათი, სხვა საბანკო პროდუქტებს შორის, გაყიდვების კუთხით მეორე ადგილზეა, და ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბანკო პროდუქტია.

”საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, ქართველი მომხმარებლის უმრავლესობა საკრედიტო ბარათს იყენებს თანხის გასანაღდებლად. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ საკრედიტო ბარათის ასეთი სახით გამოყენება ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ბანკომატით განაღდების დროს განაღდებული თანხის საშუალოდ 4%-ის გადახდა გვიწევს, ამას ემატება წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ამ შემთხვევაში 36% იქნება.

”2014 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 1,5 მლნ საკრედიტო ბარათია მიმოქცევაში. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რადგან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა 4, 490 მლნ ადამიანია, გამოდის რომ საშუალოდ ყოველ მესამე ადამიანს აქვს საკრედიტო ბარათი. საკრედიტო ბარათების ბუმი საქართველოს ბანკის „OrangeCard”-ით დაიწყო და პრივატ ბანკის „მარწყვი ბარათით“ გაგრძელდა. ბარათების გაცემა გამარტივებული პროცედურით ხდებოდა. განსაკუთრებულ ლოიალურობას ავლენდა პრივატ ბანკი, რომელიც ფაქტობრივად ყოველგვარი ინფორმაციის გადამოწმებისა და რისკების შეფასების გარეშე გასცემდა საკრედიტო ბარათებს. ბარათები გაიცემოდა როგორც უმუშევარ ადამიანებზე, ასევე ხშირ შემთხვევაში სტუდენტებზეც კი, საკმარისი იყო განაცხადში მიგეთითებინა გამოგონილი ორგანიზაცია, სადაც თითქოსდა მუშაობდი და საკრედიტო ბარათი მტკიცდებოდა. ამ ბარათის გაცემაზე ბანკი უარს არავის ეუბნებოდა, რადგან უარყოფითი პასუხიც კი იყო 50 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის დამტკიცება, რომლის გაზრდა 1 თვეში 1000 ლარამდე იყო შესაძლებელი. დღესდღეობით „კრედიტ ინფო საქართველოს“ ნეგატიურ ბაზაში მოხვედრილ მომხმარებელთა უმრავლესობა სწორედ საკრედიტო ბარათების დამსახურებაა”, - ნათქვამია ”საზოგადოება და ბანკების” განცხადებაში.