„რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსი შოკის მშთანთქმელ ფუნქციას ასრულებს, ასეთ გაუფასურებას შემდგომ გამყარება მოყვება"

რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსი შოკის მშთანთქმელ ფუნქციას ასრულებს, შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთ გაუფასურებას შემდგომ გამყარება მოჰყვება. თუ გადახედავთ ბოლო სამი წლის ინფორმაციას, ამის მაგალითები არის, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გაცვლით კურსზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და უმეტეს მათგანზე ინფორმაცია რამდენიმე თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.

„ლარის, ვალუტის კურსის მიმდინარე დინამიკის ახსნა უმეტეს შემთხევავში არ არის შესაძლებელი და ზუსტად ამ მიზეზების გამო ცენტრალური ბანკები, ისევე როგორც მაკროეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციები მიმდინარე კურსზე და მოკლევადიან რყვევებზე როგორც წესი კომენტარს არ აკეთებენ“, - აცხადებს კობა გვენეტაძე.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გარე ფაქტორებით ხსნის. მისი თქმით, მსხვილი ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია ის, რომ დოლარს გამყარების ტრენდი ახასიათებს და ბოლო პერიოდში საკმაოდ მზარდია. ასევე, გვენეტაძის განმარტებით, პარალელურად თურქული ლირა უფასურდება, რომელიც ლარის კურსსაც გადმოეცემა.

კობა გვენეტაძის განმარტებით, ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების მოცულობის ზრდაზე მუშაობს, თუმცა ამ დროისთვის რეზერვების აქტიურად შესყიდვის აუცილებლობა არ დგას. ამასთან, გვენეტაძე აცხადებს, რომ წლების განმავლობაში ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები არაადეკვატური იყო და დღეს რეზერვების მოცულობა ადეკვატურ დონეს დაუახლოვდა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.