„ეს არის მოკლევადიანი რყევა - ეკონომიკური სტაბილურობის ზრდისათვის მნიშვნელოვანია ინფლაცია და არა გაცვლითი კურსი"

ეს არის მოკლევადიანი რყევა. ეკონომიკური სტაბილურობის ზრდისათვის მნიშვნელოვანია ინფლაცია და არა გაცვლითი კურსი, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლარის გაუფასურების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც კობა გვენეტაძე განმარტავს, საქართველოში ინფლაცია ზომიერ ფარგლებშია.

„აპრილის მონაცემებით, წლიური ინფლაცია 4.1%-ია, მაგრამ ამავე დროს საგულისხმოა ინფლაციაზე ისეთი ერთჯერადი ფაქტორების გავლენა, როგორიცაა აქციზი და ნავთობის ფასების ზრდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საბაზო ინფლაცია 1.4%-ია აპრილის მონაცემებით, რაც იმას მიანიშნებს, რომ ინფლაციური პროცესები არ გვაქვს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე განმარტებით, ეროვნული ვალუტის კურსის რყევის მიზეზი ძირითადად საგარეო ფაქტორებია.

ამასთან, როგორც გვენეტაძემ განაცხადა, დოლარიზაციის დონის შემცირების მიზანი ლარის გამყარება არ არის.

„ზოგჯერ ისე იქნა გაგებული, რომ დედოლარიზაცია იქნებოდა ვალუტის გამყარების საფუძველი, რაც ნამდვილად არ არის სწორი. ზოგადად, დედოლარიზაციის მიზანი ლარის გამყარება ვერ იქნება, არამედ დოლარიზაციის შემცირება არის აუცილებელი იმისთვის, რომ კურსის ცვალებადობამ, მოკლევადიანმა რყევებმა მსესხებელი არ დააზარალოს, რომელსაც შემოსავალი აქვს ეროვნულ ვალუტაში და ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვალუტის კუთხით შემოსავლები და ვალდებულებები დაბალანსებული იყოს.

საპროცენტო განაკვეთებსაც თუ შევხედავთ, აქ შემცირების ტენდენციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო და უფრო ხელმისაწვდომია მსესხებლებისთვის ლარით აღებული სესხები", – განმარტა გვენეტაძემ.