ათი ქართველი ბიზნესმენი ევროპის ეკონომიკურ სენატში

”კერძო სექტორმა ინიციატივა თავის თავზე უნდა აიღოს”

ევროპის ეკონომიკური სენატის ინიციატივით, ბათუმში, 15 აგვისტოს საერთაშორისო ფორუმი - "ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესი" გაიმართება. ევროპის ეკონომიკური სენატი ევროპული ბიზნესის საკოორდინაციო ცენტრ-ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელშიც მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები და ევროკავშირის ქვეყნებიდან პოლიტიკოსები არიან გაწევრიანებულები. კონგრესში სენატის აღმასრულებელი დირექტორი, სენატორები, ევროპის მსხვილ გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის წევრები და ევროპელი ინვესტორები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს მხრიდან კი ფორუმს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ქართველი ბიზნესმენები დაესწრებიან. კონგრესის ორგანიზატორია "საქართველოს ბიზნეს კლუბი", რომელიც 2014 წელს დაარსდა და უკვე რამდენიმე მსხვილ კომპანიას აერთიანებს. BPN-ი საერთაშორისო ფორუმთან დაკავშირებით, ”საქართველოს ბიზნეს კლუბის” პრეზიდენტს, შოთა სიგუას ესაუბრა.

-არაერთი საერთაშორისო მასშტაბის ბიზნესფორუმი საქართველოში აქამდეც გამართულა და კონკრეტული შედეგებიც მოჰყოლია. საინტერესოა, რით იქნება გამორჩეული ”ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესი”, რომელიც ბათუმში გაიმართება?

-”ევროპის ეკონომიკური სენატი” არის ორგანიზაცია, რომელიც 1997 წელს გერმანიაში დაარსდა, მისი მთავარი მიზანი იყო და არის წარმატებული ბიზნესების ერთმანეთთან დაკავშირება, ცოდნის გაზიარება, ახალ ბაზრებზე შესვლაში დახმარება და სხვა. დღეისათვის ”ეეს”-ში გაერთიანებულია 300-მდე მსხვილი და საშუალო ევროპული კომპანიები ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან. კონგრესზე ჩვენ სწორედ ამ ორგანიზაციას წარვუდგენთ ქართულ ბიზნესს და ასევე ”ეეს”-ს გავაცნობთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალს. ეს იქნება გაცნობითი ხასიათის შეკრება, რომელიც გამორჩეულ შედეგებს ეტაპობრივად მოიტანს.

-ახლა, როცა საქართველომ ევროპაში ინტეგრაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, რამდენად დიდია მსგავსი საერთაშორისო ფორუმის მოწყობის მნიშვნელობა და რა რეალურ შედეგებს უნდა ველოდოთ ფორუმის მსვლელობისას ან მისი დამთავრების შემდეგ?

-მნიშვნელობა რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, მსგავსი ფორუმების, კონგრესების დროს ხდება პირველ რიგში, გამოცდილების და ფასეულობების გაზიარება, ინტერესების დაახლოება, კავშირების დამყარება, უცხოური კომპანიების საქართველოთი დაინტერესება, ჩვენი პოტენციალის წარმოჩენა და მრავალი სხვა. რეალურ შედეგებს ყოველთვის უნდა ველოდოთ, მიზანიც სწორედ ესაა.. სენატორები, ანუ სენატის წევრები, წარმოადგენენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს თავის ორგანიზაციებში. ”ეეს” გვაძლევს შესაძლებლობას, პირდაპირი კონტაქტი გვქონდეს ჩვენთვის სასურველი, ევროპული ბიზნესის ხემძღვანელებთან. ევროპის ეკონომიკური სენატი ხელს შეუწყობს კავშირების დამყარებას, ინვესტორების მოძიებას, ახალი კომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლას და ა.შ.

-ევროკავშრითან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, დიდია მოლოდინი, რომ საქართველოს ბაზარი შესაძლოა საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდეს ევროპული კაპიტალისთვის. ხომ არ მოხდება ინვესტორების მხრიდან ინტერესთა გამოხატვა ფორუმის მსვლელობისას?

- საქართველოს მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. ეს ინტერესი დღითი დღე იზრდება. სასურველი შედეგების მისაღწევად საჭიროა უფრო მეტად გააზრება იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მიდგომა უცხოელ პარტნიორებთან, მათი ფასეულობების გაზიარება, კვლევებზე დაფუძნებული პროექტების დამუშავება. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ უცხოური ბიზნესი საქართველოთი დაინტერესდეს და აქ საქმე აწარმოოს. მხოლოდ მთავრობის ძალისხმევა არაა საკმარისი. კერძო სექტორმა ინიციატივა თავის თავზე უნდა აიღოს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას. დღეს რომ კერძო სექტორი თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისგან, ამას ყველა ვხედავთ, ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია, ბიზნესი უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო ასპარეზზე.

ბოლო ორი თვის განმავლობაში, რამდენიმე სენატორი გახლდათ ”დაზვერვაზე” ჩამოსული საქართველოში. გამოხატეს კონკრეტული დაინტერესება, თუმცა ჯერ ნაადრევია რამეზე საუბარი...

- ღონისძიების ორგანიზატორი ”საქართველოს ბიზნეს კლუბია”, რომელსაც ევროპის ეკონომიკურ სენატში 10 წარმომადგენელი ეყოლება. საინტერესოა, რას გულისხმობს მათი მისია და ახლო ან ხანგრძლივ პერსპექტივაში როგორ შეიძლება აისახოს ეს კერძო სექტორზე და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკაზე?

- ”საქართველოს ბიზნესკლუბი” დაარსდა სენატთან ურთიერთობის გასამარტივებლად და მისი პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით. კლუბს ექნება სექტორული განყოფილებები: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება, მშენებლობა, ჯანდაცვა, ტურიზმი .. თითოეულ სექტორში იქნება წარმოდგენილი 5-10 წარმატებული კომპანია, რომლებიც შეირჩევა საქართველოდან. ამ კომპანიებიდან აირჩევა ერთი ან ორი წარმომადგენელი, რომლებიც წარდგენილი იქნებიან სენატში სენატორებად. ისინი იქნებიან თავისი სექტორის ინტერესების წარმდგენები სენატში. ევროსენატი ყოველ წელს ატარებს ღონისძიებებს ევროპის მასშტაბით სხვადასხვა თემატიკის და მოთხოვნის მიხედვით. ჩვენს სენატორებს ექნებათ საშუალება, მიიღონ მასში მონაწილეობა და თავისი პროექტები, ბიზნესინტერესები გაუზიარონ ევროპელ პარტნიორებს ან ინვესტორებს.

ეს ყოველივე აუცილებლად იქონიებს დადებით ეფექტს ქართულ ეკონომიკაზე. ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ მეტი, რომ ქართული ბიზნესი გავიდეს ევროპულ ბაზარზე, მეტი უცხოური კომპანია დავაინტერესოთ ქართული ბაზრით და ჩვენი პოტენციალით. ჩვენი კლუბის მიზანიც სწორედ ეს არის.

ემა ტუხიაშვილი