ავტოგასამართ სადგურებში რუსული ბენზინი იყიდება

”საწვავი, რომელიც ტუაფსედან შემოდის, სომხეთისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ნაწილი საქართველოში რჩება”

არაბრენდირებულ სადგურებზე რუსული ბენზინი გამოჩნდა. 1 ლიტრის ღირებულება 2 ლარია. საბითუმო ფასი კი 1,9 ლარის ფარგლებში მერყეობს. რუსული ბენზინი საქართველოში ფედერაციის ქალაქ ტუაფსედან შემოდის. ჯერჯერობით საქართველოში რუსული საწვავის წილი უმნიშვნელოა, თუმცა დაბალი ფასიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, მისი მასშტაბი გაიზარდოს.

რუსული საწვავი საქართველომდე ასეთ მარშრუტს გადის - ქალაქ უფიდან, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, საწვავი საპორტო ქალაქ ტუაფსეში გადაიზიდება, შემდეგ ტანკერებით ფოთის პორტში შემოდის. ეს ტვირთი სომხეთისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ნაწილი საქართველოში რჩება.

დიდუბის რაიონში მდებარე ერთ-ერთ არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე აღნიშნეს, რომ უკვე რამდენიმე თვეა ფოთში რუსულ ბენზინს ყიდულობენ. სარეალიზაციო ქსელში ეს საწვავი 10-15 თეთრით იაფია, შესაბამისად, დაბალშემოსავლიანი ავტომფლობელებისთვის მისაღები.

”ტვირთი, ძირითადად, სომხეთისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ნაწილი საქართველოში რჩება. ჩვეულებრივი ”რეგულარის” ტიპის ბენზინია, გაცილებით იაფი. საქართველოში არსებულ დიდ ნავთობკომპანიებს პირდაპირი კონტრაქტი აქვთ ასევე მსხვილ უცხოურ კომპანიებთან. ამიტომ მათ ფასდაკლებებიც აქვთ, თანაც კეთილმოწყობილი ავტოგასამართი სადგურები და საზოგადოებაში გაპოპულარებული ბრენდი მყიდველს იზიდავს, ამიტომ მათ მეტი მოგებაც აქვთ.

ჩვენ მსხვილი კომპანიები მცირე შესყიდვებზე კონტრაქტს არ გაგვიფორმებენ. პირდაპირ ქარხნიდან რომ შემოვიტანოთ, ტრანსპორტირებაც ძვირი ჯდება. ამიტომ ქართულ ტერმინალებში საწვავის შეძენა და შემდეგ რეალიზება ჩვენთვის მომგებიანია.

ამჯერად ეს გზა გამოინახა. ტერმინალში შემოსულ რუსულ საწვავს პირდაპირ ვყიდულობთ, არც ისე იაფად, დაახლოებით 1,9 ლარის ფარგლებში და შემდეგ 1 ლიტრს 2 ლარად ვყიდით”,- ამბობს ბენზიგნასამართი სადგურის მენეჯერი.

ნავთობპროდუქტების კავშირის ხელმძღვანელის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში რუსული საწვავის იმპორტი მცირედით იზრდება. რუსეთიდან დიზელის საწვავის იმპორტი დაახლოებით 10%-ის ფარგლებშია. ბენზინის მოცულობა კი ძალიან უმნიშვნელოა.

რაც შეეხება ხარისხს, მთვრალაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში განსაზღვრულია საწვავის ხარისხის სტანდარტი, შესაბამისად, თუკი ბენზინის ან დიზელის ხარისხი ამ სტანდარტებს არ შეესაბამება, წესით, იგი საქართველოს ბაზარზე არ უნდა მოხვდეს.

მთავრობის დადგენილებით, საქართველოში ბენზინზე შემდეგი სტანდარტი მოქმედებს: ”რეგულარის” ტიპის ბენზინი 91-95 ოქტანობის უნდა იყოს, ”სუპერის” - 95-98 ოქტანობის, ”პრემიუმი” კი 98 ოქტანობაზე ზევით.

რაც შეეხება სტატისტიკას, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2014 წლის პირველ ნახევარში საქართველოში რუსეთიდან - 0,5 ათასი ტონა ბენზინი შემოვიდა, რაც საერთო მოხმარების - 0,3%-ია. დიზელის იმპორტმა კი 35,2 ათასი ტონა შეადგინა, მთლიანი მოხმარების - 9%.

აღსანიშნავია, რომ წლის პირველ ნახევარში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან- 138,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35.9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: აზერბაიჯანი - 92,5 ათასი ტონა (24.0%), ბულგარეთი - 63,6 ათასი ტონა (16.5%), საბერძნეთი - 40,2 ათასი ტონა (10.4%), რუსეთი - 35,7 ათასი ტონა (9.3%), თურქმენეთი - 13,1 ათასი ტონა (3.4%).

ბენზინის იმპორტის სტატისტიკა კი ასეთია, 6 თვეში ბენზინის იმპორტმა 171,9 ათასი ტონა შეადგინა. ამ საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა რუმინეთიდან შემოვიდა - 89,9 ათასი ტონა, საერთო მოხმარების 52.3%. შემდეგ მოდის: ბულგარეთი - 53,6 ათასი ტონა (31.2%), აზერბაიჯანი - 1,6 ათასი ტონა (0.9%), რუსეთი - 0,5 ათასი ტონა (0.3%).

შეგახსენებთ, რომ ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი დაპირება სანავთობო ბაზარზე მონოპოლიის დანგრევა და საწვავის იმპორტის დივერსიფიკაცია იყო. აქცენტი თურქმენული საწვავის იმპორტზეც კეთდებოდა.

ენერგეტიკის სამინისტროში კარგა ხნის წინ განაცხადეს, რომ თურქმენული იაფიანი საწვავის შემოსატანად პოლიტიკური ნიადაგი მომზადებულია და ყველაფერი კომპანიების მარიფათზეა დამოკიდებული. თუმცა ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ თურქმენული და რუსული თუნდაც იაფფასიანი საწვავით ოლიგოპოლიური ბაზრის დანგრევა რთულია მაშინ, როდესაც არსებული ავტოგასამართი სადგურების, თითქმის 90% ხუთ მსხვილ კომპანიას აქვს გადანაწილებული.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”