ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ განცხადებას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ აფასებს ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან გამოხატულ მხარდაჭერას ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვი გაძლიერდება.
„ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქ. ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია ასევე ავრცელებს ინფორმაციას “ეიპიემ ტერმინალსის“ და „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ შესახებ. “ეიპიემ ტერმინალსი“, “ეი.პი. მოლერ – მაერსკის“ ჯგუფის წევრი გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში წარმოდგენილია 74 მოქმედი პორტების და ტერმინალების ქსელით და 117 სახმელეთო მომსახურების ოპერაციებით, რომელსაც 58 ქვეყანაში ახორციელებს.
2011 წლის აპრილში, „ეიპიემ ტერმინალსმა“ შეისყიდა საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგური - „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს. ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული. სათავეში მოსვლის დღიდან, „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო ცენტრის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით.
აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ფოთის ნავსადგურმა, რომელიც ფლობს საქართველოს ნავსადგურების გავლით კონტეინერების გადაზიდვის 85%-ს, შეძლო ნავსადგურში არსებული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობა/ტექნიკის განახლება, რათა ის ყოფილიყო ყველაზე პროდუქტიული და უსაფრთხო ნავსადგური ქვეყანაში და შეენარჩუნებინა მისი არსებული პოზიცია, როგორც მნიშვნელოვანი კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.