მაღალია თუ არა საქართველოში საპროცენტო განაკვეთები

აშშ-ში საპროცენტო განაკვეთი- 3,3%-ია, გაერთიანებულ სამეფოში კი- 0,6%.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკები” ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტში “საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის საქმიანობის ანგარიშის’’ წარდგენისას განაცხადა, ”ის რომ ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებია - არის სტერეოტიპი”. ქადაგიძემ მაგალითად KPMG-ის მიერ ჩატარებული კვლევა მოიყვანა, სადაც საპროცენტო განაკვეთების თვალსაზრისით, საქართველო არც თუ ისე ცუდ პოზიციაზე იმყოფება.

“საზოგადოება და ბანკები” საქართველოში არსებული საპროცენტო განაკვეთების სიდიდით დაინტერესდა და გიორგი ქადაგიძის ეს განცხადება გადაამოწმა.

არსამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციიით, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, KPMG-ის მის მიერ ჩატარებულ კვლევაში (კვლევა მოიცავს 2013 წლის დეკემბერი-2014 წლის იანვრის პერიოდებს) სესხის ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, საქართველოს 11 სამეზობლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის და 9 სახის საბანკო პროდუქტის მაგალითზეა განხილული. ამ კვლევის თანახმად საქართველოში არსებული საპროცენტო განაკვეთები (როგორც ნომინალური, ასევე ეფექტური) სხვა ქვეყნების მონაცემებს შორის, უმეტეს შემთხვევაში მართლაც ყველაზე დაბალია - როგორც ამას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნავს.

იმისთვის, რომ საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთების მონაცემები დინამიკაში კიდევ უფრო ვრცლად განვიხილოთ, ”საზოგადოება და ბანკები” ამისთვის მსოფლიო ბანკის მონაცემებს მიმოიხილავს, რომლის მიხედვითაც მაგალითად გაერთინებულ სამეფოში საპროცენტო განაკვეთები 2009 წლიდან- 2013-ამდე 0,6%-დან 0,5%-ამდე მერყეობს; აშშ-ში დროის ამავე მონაკვეთში საპროცენტო განაკვეთი სტაბილურად 3.3%-ია. რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს, აზერბაიჯანში საპროცენტო განაკვეთი 20,0% დან-18,2% ამდეა შემცირებული, სომხეთში კი 18, 8%დან- 16,0%-ამდე.

როგორც ”საზოგადოებასა და ბანკებში” ამბობენ, ამ მონაცემებიდან ნათელია, რომ 2009 წლიდან დღემდე საქართველო ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის (აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს გარდა) საპროცენტო განაკვეთის სიდიდით მუდმივად მეხუთე ადგილზე დგას და კლების ტენდენციით ხასიათდება; რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს გიორგი ქადაგიძის განცხადებას, საქართველოში საპროცენტო განაკვეთების არც იმდენად მაღალ მაჩვენებლებთან და მის კლებად ტრენდთან დაკავშირებით. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს და აშშ-ის მონაცემებს, მათი მაჩვენებლები საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების მონაცემებთან შეადრებით საკმაოდ დაბალია.

რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, საქართველოში სესხზე არსებულ საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს (უცხოური ვალუტით) შემდეგია: 2014 წლის იანვარი - 12.9%, თებერვალი - 11.6%, მარტი - 11.8%, აპრილი - 11.9%, მაისი - 12.1% და ივნისი - 11.5%. როგორც ამ მონაცემებიდან ვხედავთ, 2014 წელს (თვეების მიხედვით) სესხზე საპროცენტო განაკვეთები მეტნაკლებად კლების ტენდენციით ხასიათდება და წინა წლების მონაცემებთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია.