Gwp-ის გენერალური დირექტორი - ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო, მოსახლეობას წყალზე შეზღუდვები არ ექნება

Gwp-ის გენერალური დირექტორის, ირაკლი ბაბუხადიას განცხადებით, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო, მოსახლეობას წყალზე შეზღუდვები არ ექნება. როგორც ბაბუხადიამ ჟურნალისტებს ჭავჭავაძის გამზირზე განუცხადა, შეზღუდვა მხოლოდ სისტემის გადაერთების დროს იქნება. ამასთან, ბაბუხადია მოსახლეობას მოუწოდებს, Gwp-ის სპეციალური პროექტით ისარგებლოს.

„წყალმომარაგების თვალსაზრისით, მასიურად შეზღუდვები არ იქნება იმიტომ, რომ ჯერ შეიცვლება მილები და მხოლოდ და მხოლოდ შემდეგ მოხდება გადაერთების სამუშაოები. მოვუწოდებ მოსახლეობას, ისარგებლონ Gwp-ის სპეციალური მომსახურებით. მოსახლეობას შეუძლია დარეგისტრირდეს ტელეფონის საშუალებით და აბონენტის ნომრის მიხედვით გაიგოს, როდის იქნება გეგმური წყვეტები. ჩვენ არ ველოდებით, რომ მასიური წყვეტები იქნება. წყალი შეწყდება მხოლოდ და მხოლოდ გადაერთების სამუშაოების დროს“, - განაცხადა ბაბუხადიამ.

მისივე განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე Gwp-ისთან ერთად სამუშაოებს მეთვალყურეობას ავსტრიული კომპანია ILF მსოფლიოში გაწერილი სტანდარტების მიხედვით განახორციელებს.

„დღეს დაიწყო ასფალტის საფარის აღების სამუშაოები და Gwp-ის მხრიდან წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემების გამოცვლის სამუშაოები დაიწყება 2 ივნისს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ასეთი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები გამზირის ისტორიაში არასდროს განხორციელებულა. პირველი ეტაპის სამუშაოები არის უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან ატენის ქუჩამდე. ამას დასჭირდება 3 თვის სამუშაო. Gwp-ის მხრიდან გამოიცვლება 2.7 კმ-ის ქსელი, რაშიც Gwp განახორციელებს 3.5 მილიონი ლარის ინვესტიციას. იქედან გამომდინარე, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და არ გვქონდა იმის უფლება, რომ იყოს გადაცდენები დროის თვალსაზრისით, ავიყვანეთ ავსტრიული კომპანია ILF, რომელმაც შეაფასა სამუშაოს დაგეგმვა და სამუშაო პროცესი, რაც მთლიანად გაწერილია მსოფლიოში გაწერილი სტანდარტების მიხედვით“, - აღნიშნა ბაბუხადიამ.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ ილია ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) უზრუნველყოფს მიწისქვეშა კომუნიკაციების - წყლისა და წყალარინების ქსელების შეცვლას, რისთვისაც 3-თვიანი ვადაა განსაზღვრული.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო არეალში, რომელიც 2.5 კილომეტრს მოიცავს, შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს, 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ბორდიურები, ხოლო ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის; გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის LED განათების სისტემა; დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ხოლო ტროტუარებზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები. რაც შეეხება ნაგავშემკრებ კონტეინერებს, ისინი პირველად განთავსდება მიწისქვეშ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ განახორციელებს. პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. გამზირის რეაბილიტაცია 6 თვეში დასრულდება.