ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ჰიდროსადგურების განვითარების თვალსაზრისით, კახეთი ძალიან გამორჩეული რეგიონია

კახეთის საინვესტიციო ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტრადიციულ მწვანე ენერგეტიკასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის შეფასებით, ჰიდროსადგურების განვითარების თვალსაზრისითაც, კახეთი ძალიან გამორჩეული რეგიონია.

„2012 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით აქტიურად ვავითარებთ მცირე ჰიდროსადგურებს. ეს პროცესი მიდის სწრაფად, მიუხედავად იმისა, რომ მეტი გამოწვევა გვაქვს, მეტი კომუნიკაცია გვჭირდება, მეტად ვაქცევთ ყურადღებას გარემოსდაცვით, ეკოლოგიურ პირობებს, რადგან ამ თვალსაზრისითაც მეტად ვართ უკვე ინტეგრირებულები ევროპულ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან. ბოლო 5-6 წელიწადში კახეთში აშენებული გვაქვს 6 მცირე და საშუალო ჰიდროსადგური, ჯამში 29 მეგავატი სიმძლავრით - ეს არის ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია უშუალოდ კახეთში და ეს არის ასობით დასაქმებული ადამიანი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ ფორუმის მონაწილეებს განუცხადა, სხვადასხვა სტადიაზეა კიდევ 5 ჰიდროსადგურის პროექტი.

„ეს არის დამატებით ას მილიონზე მეტი ინვესტიცია, ეს არის ათეულობით მუდმივმოქმედი სამუშაო ადგილი, ეს არის დაახლოებით 400 მილიონი კვ/სთ. ადგილობრივი წარმოების ელექტროენერგია, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული გარე რესურსზე ამ მნიშვნელოვან სფეროში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.