ლევან ახვლედიანი ნათია თურნავას განცხადებაზე - მზად ვართ, პირნათლად შევასრულოთ ვალდებულებები, ამისთვის უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა

მზად ვართ, პირნათლად შევასრულოთ ვალდებულებები, ამისთვის უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა, რაც მთავრობასა და ბანკებს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაზეა დამოკიდებული, - ასე ეხმაურება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ნათია თურნავას მოწოდებას, რომ „ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს და კონცენტრირდეს არსებული ვალდებულებების შესრულებაზე“.

როგორც ლევან ახვლედიანი აცხადებს, კონსორციუმი პინათლად ასრულებდა და შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მთავარია, რომ ამის შესაძლებლობა მიეცეს და ინვესტორებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს.

„საუბარი იყო კონსორციუმის ვალდებულებებზე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გუნდი, ჩვენი აქციონერები, ყოველთვის ვასრულებდით და ვასრულებთ ვალდებულებებს. მშენებლობის პირველი ეტაპი დავასრულეთ, 70 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება მომავალ ვალდებულებებს, მზად ვართ, რომ ეს ვალდებულებებიც პირნათლად შევასრულოთ, თუმცა ამისთვის უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა, რაც დამოკიდებულია მთავრობასა და ბანკებს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაზე. ამაზე პასუხისმგებელი ვართ როგორც ჩვენ, ისე ბანკები და მთავრობა. ასეთი ქმედებები, რაც ახლა მოხდა, პროცესს ძალიან აზიანებს,“-აცხადებს ლევან ახვლედიანი.

შეგახსენებთ, გუშინ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა, რასაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება მოჰყვა. როგორც კონსორციუმი განმარტავს, საკითხის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებულნი და თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება.

დღეს საკითზე განცხადება გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.

პაატა ცაგარეიშვილი - ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობა გამორიცხულია, ეს მხოლოდ ანაკლიის პორტის ჩაძირვას ემსახურება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი - გვირეკავდნენ ინვესტორი ბანკები და გამოთქვამდნენ შეშფოთებას - შოკირებული იყვნენ
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის თაობაზე გაცემული დოკუმენტი მინისტრთა კაპინეტის არც ერთ წევრთან შეთანხმებული არ ყოფილა