ფოთი vs ანაკლია - ღრმაწყლოვანი პორტების მშენებლობის ქრონოლოგია

ეკონომიკის მინისტრმა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე წინასწარი ნებართვა გააუქმა. ფოთის პორტის მფლობელი „ეიფიემ ტერმინალს ფოთი“ კი აცხადებს, რომ 2 მაისს გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ მიუღიათ და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ვერ გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გუშინ გაავრცელა. თუმცა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის წინასწარი ნებართვის დოკუმენტი გააუქმა.

მინისტრის თქმით, დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას და ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ისე, რომ საკითხი არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან არ ყოფილა შეთანხმებული. ამასთან, თურნავას ინფორმაციით, დოკუმენტის გაცემისას პროცედურული დარღვევებიც დაფიქსირდა. მეტიც, მინისტრმა თანამდებობიდან გადააყენა ასევე მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.

ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხს ანაკლიის განვითარების კონსორციუმიც გამოეხმაურა, რომელთაც დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, არსებობენ ძალები, მათ შორის ხელისუფლებაში, რომლებიც ანაკლიის პორტის ხელის შეშლის მიზნით მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამენ.

ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის გარშემო განვითარებული მოვლენებს დღის განმავლობაში ექსპერტები და პოლიტიკოსებიც ეხმაურებიან. მათი ნაწილი ფოთის პორტის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ასევე ანაკლის პორტის საზიანოდ მიღებულ გადაწყვეტილებად და საბოტაჟად აფასებს.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტისა და ფოთის პორტის კონკურენცია/დაპირისპირების საკითხი, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წამოიჭრა. მაშინ, როცა ხელისუფლებისგან ანაკლიის პორტის ინვესტორების მიმართ გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით საჯაროდ გაჟღერდა პრეტენზიები. ამის პარალელურად კი მთავრობაში ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანების შესახებ ალაპარაკდნენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ქრონოლოგიას, თუ როგორ ვითარდებოდა ფოთის პორტისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ირგვლივ მოვლენები.

2019 წლის 3 იანვარი - „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის ნებართვის მისაღებად, ფოთის პორტის გაფართოების კონცეპტუალური გეგმა წარუდგინა. პროექტის გეგმაში გათვალისწინებული იყო 14.5 მეტრის სიღრმის და 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის კედლის მშენებლობა, გამოყოფილია 25 ჰექტარი ღია და დახურული სასაწყობე მეურნეობებისთვის და ნაყარი ტვირთების – ხორბლის, მადნის და სხვადასხვა მინერალების ოპერირებისთვის. ახალ ნაყარი ტვირთის სატვირთო პორტში შესაძლებელი იქნება გადატვირთვა 60.000 ტონამდე საქონლის პარტიების / გემების.

2019 წლის 8-9იანვარი - 8 იანვარს ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, მამუკა ხაზარაძისთვის მილიონობით დოლარის გათეთრებისა და მითვისების გამო ბრალის წარდგენის შესაძლებლობაზე. მომდევნო დღეს კი პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი, სადაც ფაქტობრივად, ერთი-ერთში გაიმეორეს წინა დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია. მხოლოდ ერთი დეტალი არ დაემთხვა - პროკურატურამ არ დაადასტურა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე საბანკო საქმიანობას იყვნენ ჩამოცილებულნი.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძისა და „თიბისისთან“ დაკავშირებით, ხელისუფლების გარკვეული ნაწილის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ ინფორმაცია კულუარულად ჯერ კიდევ 2018 წელს ვრცელდებოდა. კერძოდ:

2018 წლის 12 ივნისი - პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ოფიციალური ვერსიით, მმართველი გუნდი "იუნისეფის" კვლევასა და სიღარიბის საკითხებს განიხილავდა, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, რაზეც ცნობები მედიაში იმ პერიოდშივე გავრცელდა - პარტიის თავმჯდომარეს ყოფილი პრემიერისთვის ანაკლიის პორტისა და ხაზარაძის შესახებ ბევრი შეკითხვა დაუსვამს. კულუარული ინფორმაციით, ივანიშვილს ისიც კი უთქვამს, "ფრთხილად იყოს ხაზარაძე, თორემ ხოდორკოვსკის ბედს გაიზიარებსო".

2018 წლის 12-13 ივლისი - მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გენერალური პროკურატურა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავს. კერძოდ, როგორც მაშინ ერთ-ერთი მედიასაშუალება წერდა, საგამოძიებო ორგანოდან წყაროს მეშვეობით მიიღეს ინფორმაცია, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალებით "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავდნენ. წყარო იუწყებოდა, რომ მთავარ პროკურატურას "თიბისი ბანკის" ბოლო 15 წლის საქმიანობის შესწავლა დაავალეს. ეს დავალება კი, წყაროსვე ცნობით, პირადად ივანიშვილისგან მოდიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, აქ­ტიურ პოლიტიკაში ახლად დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი კვირიკაშვილ-ხაზარაძის შესაძლო ალიანსის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ გააღიზიანა. ამასთან, ივლისში გავრცელებული ცნობით, განსაკუთრებული ინტერესია ხაზარაძისა და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის პერსონების მიმართ. ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ ივლისში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მიზნად ისახავს „თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის პორტის მშენებლობის კონტრაქტის ხელში ჩაგდებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ „თიბისითა“ და ხაზარაძის პიროვნებით დაინტერესებას, მაშინ არც საგამოძიებო უწყება და არც ბანკი არ ადასტურებდნენ.

2019 წლის 4 თებერვალი - „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ, პეის ტერმინალის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რომლის დაწყებამდეც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ფოთში ახალი ტერმინალი აშენდებოდა. მისივე თქმით, ახალი საზღვაო ტერმინალის მოწყობისა და აკვატორიის სიღრმის გაზრდის შედეგად, ნავსადგური 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს.

ამავე პერიოდში გახდა ცნობილი, ფოთის ახალი პორტისა და ტერმინალის მშენებლობისთვის OPIC-ი 50 მილიონ დოლარს გამოყოფდა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ფოთში ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

2019 წლის მაისი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებისა და პორტის ინვესტორების წარმომადგენელთა შორის შეხვედრა გაიმართა. ცნობისთვის, სამმხრივი შეხვედრების განხილვის თემა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისათვის დაყენებული 8 პუნქტიანი მოთხოვნების განხილვა იყო.

ცნობისთვის, “ეიპიემ ტერმინალსი“, “ეი.პი. მოლერ – მაერსკის“ ჯგუფის წევრი გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში წარმოდგენილია 74 მოქმედი პორტების და ტერმინალების ქსელით და 117 სახმელეთო მომსახურების ოპერაციებით, რომელსაც 58 ქვეყანაში ახორციელებს. „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ „ეიპიემ ტერმინალსმა“ 2011 წლის აპრილში შეისყიდა.

რაც შეეხება ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, მან 2016 წლის თებერვალში მოიგო ტენდერი, რომლის მიხედვითაც კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ 100 მილიონ ტონიანი გამტარუნარიანობის პორტი ააშენოს და განავითაროს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლები არიან ქართველი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე, აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე, უძრავი ქონების, დეველოპმენტის და ინფრასტრუქტურული მრეწველობის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენი კურტ კონტი.

თაია არდოტელი
ფოთის მაჟორიტარი - მხოლოდ ანაკლიის კონსორციუმს აქვს ინვესტიციების მოზიდვისა და ოპერირების ექსკლუზივი?!
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ პირველი კომენტარი ახალი ნავსადგურის მშენებლობის წინასწარი ნებართვის ბრძანების გაუქმებაზე
პაატა ცაგარეიშვილი - ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობა გამორიცხულია, ეს მხოლოდ ანაკლიის პორტის ჩაძირვას ემსახურება