ადვოკატის ინფორმაციით, ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბაგრატ ხალვაში ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ წუთებში დაკავებულების წინასწარი დაკავების იზოლატორში ტრანსპორტირება ხორციელდება.

რამინ პაპიძე ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მაღალჩინოსნები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აიყვანეს.

„მე ბაგრატ ხალვაშის ინტერესებს წარმოვადგენ. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქმის მასალებს არ ვიცნობ, რადგან ამ წუთებში დაკავებულების დროებითი იზოლატორში გადაყვანა მიმდინარეობს. გადმოცემით ვიცი, რომ ისინი სამსახურში დააკავეს",- განაცხადა რამინ პაპიძემ.

აჭარის პროკურატურამ აჭარის მთავრობის წევრები, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. დაკავებულთა შორისაა ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი.