ტექინსპექტირების ამოქმედების შემდეგ ავტონაწილებისა და ავტოსერვისის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა

ტექინსპექტირების ამოქმედებამ ავტონაწილებისა და ავტოსერვისის ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა.

ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ ჩატარებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული.

კერძოდ, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, კვლევის ფარგლებში ტექნიკური ინსპექტირების გავლის პროცესში გარკვეული მანიპულაციები და კორუფციის რისკები გამოიკვეთა. მათ შორის, ყველაზე მეტად გავრცელებულ მანიპულაციას წარმოადგენს გამონაბოლქვის ტესტის გავლის მიზნით მაღალი ხარისხის ბენზინის ერთჯერადად მოხმარება. ასევე ხშირია ინსპექტირების გასავლელად ავტონაწილების და აღჭურვილობის (საბურავი, ფარი, ცეცხლმაქრი, სააფთიაქო ყუთი და სხვ.) თხოვება-ქირაობის ფაქტებიც.

დოკუმენტის თანახმად, ავტომფლობელებს მანიპულაციების გამოყენებას კიდევ უფრო მეტად აიძულებს რეფორმის ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად გაზრდილი ავტონაწილების და ავტოსერვისის ფასები.

“ინსპექტირების გავლის შემდგომ, დახარვეზებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია, 30 კალენდარულ დღეში აღმოფხვრას ინსპექტირების შედეგად აღმოჩენილი ხარვეზები და გამოცხადდეს განმეორებით ინსპექტირებაზე.

რესპონდენტების მიხედვით, ავტონაწილების შეკეთება და მოპოვება რთული არ არის და შესაძლებელია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ინტერნეტის მეშვეობით. თუმცა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ბალანსი ავტონაწილების ფასსა და ხარისხს შორის.

ქვეყნის დაბალი ეკონომიკური დონიდან გამომდინარე, მომხმარებლების რეფორმის მიმართ უკმაყოფილება სწორედ ამ ფაქტორს უკავშირდებოდა. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედების შემდგომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ავტონაწილებისა და ავტოსერვისის ფასები, რის გამოც მომხმარებლები კიდევ უფრო მეტად იკავებენ თავს და ვერ ახერხებენ ხარისხიანი ავტონაწილების შეძენას. ეს გამოწვევა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება 2020 წელს სატრანსპორტო საშუალების კატალიზური გარდამქმნელით აღჭურვის ვალდებულების ამოქმედების შემდეგ,“-აღნიშნულია ანგარიშში.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით და კვლევითი ორგანიზაცია „ჯეოველ რისერჩთან“ თანამშრომლობით ჩაატარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგის მეორე ეტაპი, რომელიც 2019 წლის მარტი-მაისის პერიოდს მოიცავს.

თაია არდოტელი