ძალიან ბევრი ტყუილ-მართალი მოვისმინეთ გუშინ, სიმართლე კი არის ერთი: ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც უკვე გაუქმდა, არ იყო სამშენებლო ნებართვა - ეს იყო მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ დოკუმენტი, რომელიც, ამასთან ერთად, დარღვევით იყო გაცემული და უკვე გაუქმებულია. ამ დოკუმენტის გაცემა არ ყოფილა შეთანხმებული ჩემთან, - ეს განმარტება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
ნათია თურნავას განცხადებით, იმის გამო, რომ დოკუმენტი არ იყო სამშენებლო ნებართვა, აშკარად გადაჭარბებული იყო ინვესტორის მიერ გამოხატული რეაქცია და აჟიოტაჟი, რაც აზიანებს ანაკლიის პროექტს.
„გარდა ამისა, სამწუხაროა, რომ იმდენი სახელი და გვარი დასახელდა გუშინ, რომლებიც თითქოს პორტთან კავშირში ფიგურირებენ, რომ თავად ფოთის პორტის მმართველი კომპანია დარჩა გაკვირვებული, თურმე რამდენი „პარტნიორი“ ჰყოლია საქართველოში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.