მე არც გამოვრიცხავ, რომ ეს რაღაც ტექნიკური ბრძანებაა, რომელიც შესაძლოა, არც იყო არავისთან შესათანხმებელი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ფოთის პორტის გარშემო განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ქობულია განმარტავს, მის დროს ფოთის პორტის შენებლობასთან დაკავშირებით რაიმე ნებართვის ან ბრძანების გაცემაზე საუბარი არ ყოფილა.
ამასთან, გიორგი ქობულია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის გრიგოლ კაკაურიძის გადაყენების ფაქტსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, ბრძანება, რომლის გამოც გრიგოლ კაკაურიძე გაათავისუფლეს, ტექნიკური ხასიათის იყოს და არ ყოფილიყო საჭირო მისი ვინმესთვის შეთანხმება.
„მე არც გამოვრიცხავ, რომ ეს რაღაც ტექნიკური ბრძანებაა, რომელიც შესაძლოა არც იყო არავისთან შესათანხმებელი. გრიგოლ კაკაურიძეს საკმაოდ დიდი სააგენტოს უფროსი იყო და მას თავისი უფლებამოსილებები ჰქონდა. თუმცა, მე არ ვიცი რაზეა ლაპარაკი. მინისტრის გარდა მაგას კიდევ ჰყავს კურატორი მინისტრის მოადგილე, ვისაც პირდაპირ ექვემდებარება, მინისტრის მოადგილემაც არ იცოდა?,“-აცხადებს გიორგი ქობულია.
გიორგი ქობულიას თქმით, ის დაინტერესდა დეტალებით და გუშინ უშედეგოდ სცადა კაკაურიძესთან დაკავშირება. ამასთან, მისი თქმით, გრიგოლ კაკაურიძე გამოცდილი და წესიერი ადამიანია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
კაკაურიძის გათავისუფლების მიზეზი მისივე ბრძანება გახდა, რომლის ფარგლებშიც სს “კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს” დაუმტკიცდა საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.