ბექა ნაცვლიშვილი - სახელმწიფო ვერც საყოველთაო ჯანდაცვას უზრუნველყოფს, რომელიც ფარსია და ვერც განათლებას

საფინანსო რეგულაციით თქვენ ახლა წაართვით ადამიანებს სესხის აღების უფლება განსაკუთრებით ისეთ რამეზე, როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება, რადგან სახელმწიფო ვერც საყოველთაო ჯანდაცვას უზრუნველყოფს, რომელიც ფარსია და ვერ განათლებას, - ასე მიმართა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით არის დაბარებული.

ნაცვლიშვილის შეფასებით, საბანკო რეგულაციების ახლა დაწესება მთავრობის მხრიდან არაგონივრულია.

„საფინანსო სექტორიას რეგულაციები თქვენ რომ 2012 წელს გაგეკეთებინათ, ეს იქნებოდა გონივრული. ახლა, როცა მთელი ქონება ბანკების ხელში გადავიდა, თქვენ ამ რეგულაციებს შემოიღებთ თუ არა, დამერწმუნეთ, არანაირი აზრი არ აქვს. მაგრამ ამ რეგულაციით თქვენ ახლა წაართვით ადამიანებს სესხის აღების უფლება განსაკუთრებით ისეთ რამეზე, როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება იმიტომ, რომ სახელმწიფო ვერც საყოველთაო ჯანდაცვას უზრუნველყოფს, რომელიც ფარსია და ვერ განათლებას. ეს ადამიანები უკვე მოკლებულები არიან შესაძლებლობას შვილებისთვის ჯანდაცვა და განათლება სრულფასოვნად დააფინანსონ, რადგან ხშირ შემთხვევაში ამისთვის სესხს იღებდნენ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა, რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ ჭიათურაში რამდენიმე დღის წინ განვითარებული მოვლენები აღარ განმეორდეს.

„ჭიათურა რაღაც „ფინტექ ორგანიზაცია“ კი არ არის, ეს არის სამთო მომპოვებელი სფერო. მადანი ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს; ეს არის საქართველოს სიმდიდრე. აქედან გამომდინარე, მაინტერესებს, როგორ აგრძელებთ ჭიათურელებთან და ჭიათურასთან ურთიერთობას, რას გამოასწორებთ, რომ ასეთი კატასტროფის წინაშე ჭიათურა აღარ დადგეს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.