ცხადია მოყვებოდა ამას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ რეაგირება, კონსორციუმს ისედაც დიდი პრობლემები აქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განუცხადა.
როგორც გიორგი ქობულია აცხადებს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პრობლემები აქვს, კერძოდ კი მთავარი პრობლემა ისაა, რომ პორტის ინვესტორი საფინანსო ინსტიტუტები ტვირთბრუნვის გარანტიას ითხოვენ.
„კონსორციუმს ისედაც დიდი პრობლემები აქვს. მათი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ტვირთბრუნვის გარანტიას ითხოვენ ინვესტორი ბანკები. ახლა არ ვიცი რა ხდება და რა სტატუსი აქვს ამ საკითხს, მაგრამ ჩემი მინისტრობის დროს ეს საკითხი გადაწყვეტილი არ იყო. თვითონ კრედიტორები ითხოვდნენ სახელმწიფოსგან ტვირთბრუნვის გარანტიას. რა თქმა უნდა, კონსორციუმში ძალიან განიცდიან ამგვარ განცხადებებს, რაც ფოთის პორტთან დაკავშირებით გაკეთდა,“- აცხადებს გიორგი ქობულია.
როგორც ქობულია განმარტავს, ვინაიდან ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ტენდერი იყო გამოცხადებული და თავდაპირველად სატენდერო პირობებში კომერციული რისკების სახელმწიფოს მხრიდან დაზღვევაზე საუბარი არ ყოფილა, ახლა ინვესტორების ამგვარი მოთხოვნა პორტთან დაკავშირებით ერთ-ერთი დიდი პრობლემაა.
„ანაკლიის პორტის შემთხვევაში ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი ის იყო, რომ როდესაც ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა, ტენდერის პირობებში მითითებული არ იყო, რომ სახელმწიფო დააზღვევდა კომერციულ რისკებს, ამიტომ, ეს ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რადგან ტენდერში სხვა მონაწილეებიც იყვნენ, რომელთაც შეუძლიათ თქვან, რომ თუ ახლა აზღვევთ კომერციულ რისკებს, რატომ არ იყო ეს ტენდერის პირობებში. ამიტომ მთავრობას უჭირს გადაწყვეტილების მიღება,”- აცხადებს ქობულია.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რას ფიქრობს ექს მინისტრი მოქმედი მინისტრების განცხადებებზე, რომ სახელმწიფო არცერთ პროექტთან დაკავშირებით არ აზღვევს კომერციულ რისკებს, ქობულია აცხადებს, რომ კომერციული რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევა შესაძლებელია და ამის მაგალითად ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის გაფორმებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები მოჰყავს.
„ზოგადად სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, შეიძლება დააზღვიოს კომერციული რისკები. გააჩნია შემთხვევას და იმას თუ რაზეა საუბარი. მაგალითად, რატომ აფორმებს სახელმწიფო ჰესებთან დაკავშირებით ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის კონტრაქტებს?
ჰესის მშენებელ კომპანიასთან მთავრობა დებს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის გარკვეულ ნაწილს შეისყიდის, ესაა დაზღვევა, სხვანაირად არავინ არ მოვა და არ ააშენებს ჰიდროელექტროსადგურს. ეს უკვე მიღებული პრაქტიკაა ,“-აცხადებს გიორგი ქობულია.