„ჯანდაცვაში იხარჯება ძალიან დიდი რაოდენობის ფული და მისი უკუგება, არის ნაკლები,“ - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს ინტერპელაციის წესით უსმენენ. მისი განცხადებით, იმ თანხის გაკონტროლება, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე იხარჯება, დღეს არსებული მექანიზმით, შეუძლებელია.
„დღეს ჯანდაცვაზე იხარჯება თითქმის 1,1 მილიარდი ლარი, აქედან დიდი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სახით და ფაქტობრივად, ამ თანხის გაკონტროლება დღეს არსებული მექანიზმებით შეუძლებელია. რომც გააორმაგოთ ეს თქვენი სამსახურები, რომლებიც მონიტორინგს ეწევიან და რევიზორებითაც რომ გაავსოთ სამინისტრო, ვერასდროს ვერ მიაღწევთ დახარჯული თანხების ხარისხიან უკუგებას. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ჯანდაცვაში იხარჯება ძალიან დიდი რაოდენობის ფული და მისი უკუგება, შედეგი არის ნაკლები.
ეს რომ ყოფილიყო კერძო სადაზღვევო ბიზნესი, ბუნებრივია, კერძო ყოველთვის მოუვლის საკუთარ ფულს და ბოლო თეთრამდე გაჰყვება, თუმცა ბიუროკრატს არ აქვს ინტერესი იმისა, რომ ეს მილიარდი იყოს გაკონტროლებული და მისი მუშაობა იყოს უკეთესი. ბიუროკრატი საკუთარი ნებით ამ სფეროს ხარისხიანად ვერ გააკონტროლებს,“ - განაცხადა გოცირიძემ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ფსიქიატრიულ სფეროში არსებული პრობლემების შესახებაც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 3 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხა ბიუჯეტში არც ერთი თეთრით არ გაზრდილა.
„მინდა შევეხო ერთ სფეროს, რომელიც ყველაზე დაჩაგრულია. ყველაფერი გაიზარდა ბიუჯეტიდან, ერთადერთი ყველაზე ჩამორჩენილი სფერო არის ფსიქიატრია. არანამკურნალები ადამიანები ქუჩაში, საკუთარ სახლში, ოჯახში ვნებენ საკუთარ თავს, ვნებენ სხვებს და არ გავა თვე, რომ ამ ნიადაგზე რაიმე საგანგაშო ინფორმაცია არ მოვისმინოთ. 3 წლის განმავლობაში 1 თეთრითაც არ გაგიზრდიათ ბიუჯეტი. ეს იყო სამარცხვინო ისტორია საქართველოს მთავრობის მუშაობაში,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.