სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, აპრილში, მშენებლობის სექტორში კლების ტენდენცია კვლავ ნარჩუნდება, რაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგისტრალური მილსადენებისა და ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობის მოცულობის შემცირებით ახსნა.
"როგორც მოგახსენეთ, მშენებლობის სექტორში კვლავ შემცირების ტენდენციაა, თუმცა ამ შემთხვევაში აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს შენობების, მაგისტრალური მილსადენებისა და ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობის მოცულობის შემცირება. რაც შეეხება გზების მშენებლობას, ამ მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება, რამაც გარკვეული გავლენა იქონია აღნიშნულ დარგში მდგომარეობის გაუმჯობესებაზე", - განცახდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, 2019 წლის აპრილის, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება წარმოადგინა. გოგიტა თოდრაძის განცახდებით, აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.1% შეადგინა, ხოლო პირველი ოთხი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.8%-ით განისაზღვრა. კერძოდ ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, ტრანსპორტში, საფინანსო საქმიანობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის სხვა მომსახურებით გაწევის დარგში. კლების ტენდენცია კი მშენებლობის დარგთან ერთად სამთომომპოვებითი მრეწველობის დარგებშიც ნარჩუნდება.
რაც შეეხება კონკრეტულად მშენებლობის სექტორს, აქ კლება 2018 წლიდან დაიწყო. შარშან სექტორი 3,1%-ით შემცირდა. მანამდე კი, ბოლო წლების ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სამშენებლო სექტორი ეკონომიკის მზარდ დარგებს შორის ერთ-ერთი იყო. კერძოდ, 2015 წელს - მშენებლობის სექტორში - 15,2%-იანი; 2016 წელს - 8,1%-იანი; 2017 წელს კი 11,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი