სურსათის სააგენტომ ხორცის სარეალიზაციო ობიექტი დახურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული სურსათის რეალიზაციის და საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობების გამო რამდენიმე მეწარმე დააჯარიმა.

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა რუსთავში, შპს "გრანდ ვეჯინის" სუპერმარკეტიდან, გარდაბნის რაიონის სოფლებში - ქესალოსა და ვახტანგისში - ი/მ "როვშან ოსმანოვისა" და ი/მ "მალაქ ოსმანოვას" საცალო სავაჭრო ობიექტებიდან ამოიღეს და კანონმდებლობის შესაბამისად გაანადგურეს მყარი და თხევადი სურსათი - კარაქი, სპრედი, მარგარინი, ერბო, რულეტი, ყავა, კაკაო, კიტრის მწნილი, ჩაი, შვრიის ფანტელი, მცენარეული ზეთი, კეტჩუპი, ხილის წვენები, ლუდი.

ვადაგასული სურსათის რეალიზაციისათვის ბიზნესოპერატორები 200-200 ლარით დაჯარიმდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში, ი/მ "დავით კაიშაურის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტს, სადაც არ იყო წყალმომარაგება და ვერ წარმოადგინეს არატოქსიკურობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რის გამოც მეწარმე 1000 ლარით დაჯარიმდა.