თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება.
ამ ეტაპზე ვებგვერდზე 75 მიმდინარე, 343 დაბლოკილი, 871 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 20 იდეა განხილვის პროცესშია, სამი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.
„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომელიც ორთაჭალაში მიწისზედა მეტროსადგურის გაყვანას გულისხმობს.
„იდეის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოეწყოს მიწისზედა მეტროს სადგური ორთაჭალის ტერიტორიაზე სახელმწიფო დაწესებულებების მიმდებარედ. მოგეხსენებათ აღნიშნულ ტერიტორიაზე თავმოყრილია სამინისტროებისა და სახელმწიფო დაწესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი და განსაკუთრებით დილის და საღამოს საათებში ქალაქში არსებული საცობები სწორედ მანდ დასაქმებული თანამშრომლების ტრანსპორტირებით არის განპირობებული.
მეტროსადგურის მოწყობით ერთის მხრივ საგრძნობლად განიტვირთება მოძრაობა, ხოლო მეორეს მხრივ დასაქმებულთა უმეტესობა გადავა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რითაც როგორც დროის, ისე ფინანსური რესურსი დაიზოგება,“-აღნიშნულია მოქალაქის განცხადებაში.
ამ იდეაზე ხმის მიცემის ვადა 14 ივლისამდეა.