სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვა სერიოზულ შეფერხებებს არ გამოიწვევს

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინული ავიაკომპანიებისათვის დაწესებული შეზღუდვა სერიოზულ შეფერხებებს არ გამოიწვევს.

როგორც სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ლევან კარანაძე აცხადებს, უკრაინული კომპანიები საქართველოში რეისების განხორციელებისას ალტერნატივად თურქეთის საჰაერო სივრცეს გამოიყენებენ.

"ჯერ ოფიციალური შეტყობინება მიღებული არა გვაქვს. შეზღუდვას მედიით გავეცანით. შეზღუდვა არ ეხება ქართულ კომპანიებს, ეხება – უკრაინულს, მაგრამ ალბათ უკრაინული მხარე ალტერნატიულ მარშრუტს გამოიყენებს და თურქეთის გავლით შემოვა. ასე რომ, ამ კუთხით სერიოზულ შეფერხებას არ ველოდებით. ისედაც, ძირითადად ავიაკომპანიების უმრავლესობა ამ მარშრუტით დაფრინავს და საქართველოში თურქეთის საჰაერო სივრცის დერეფნის გამოყენებით შემოდის", - განაცხადა კარანაძემ.

რუსეთი საკუთარი საჰაერო სივრცის გავლით საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში უკრაინული ავიაკომპანიების ტრანზიტულ რეისებს კრძალავს. რუსული სააგენტოების ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.