ილონ მასკის SpaceX-ი Tesla-ზე ძვირია

კომპანიამ SpaceX ორბიტაზე 60 თანამგზავრი წარმატებულად გაუშვა. ამასთან, კომპანიაში განაცხადეს, რომ 2019 წელს ერთი მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს. დღეისათვის კომპანია SpaceX-ის საბაზრო კაპიტალიზაცია უდრის 33,3 მილიარდ დოლარს, ხოლო Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზიცია 32,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ილონ მასკის მფლობელობაში არსებული SpaceX მისივე Tesla-ზე უფრო ძვირადღირებული გახდა.

როგორც ცნობილია, ილონ მასკი გახლავთ უმსხვილესი აქციონერი და გენერალური დირექტორი ორივე კომპანიაში, ის ფლობს აქციების 54% SpaceX-ში, ხოლო Tesla-ში 20%-ს.

SpaceX-ის წარმატების ფონზე სულ უფრო წარუმატებლობას განიცდის ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია. Tesla-ს აქციებზე საბაზრო ღირებულებამ მხოლოდ მიმდინარე წელს 44%-ით იკლო. კომპანიის პრობლემები დიდი ალბათობით გაგრძელდება მანამდე, სანამ ჩინეთში მისი ახალი ქარხანა არ გაიხსნება, რომელიც მას საშუალებას მისცემს ადგილობრივ ბაზარზე ათასობით ავტომობილი გაყიდოს. ახლა კი ეს შედარებით გართულებულია აშშ-ჩინეთს შორის არსებული დაძაბული სავაჭრო ურთიერთობისა და პროდუქციაზე გაზრდილი საბაჟო ტარიფების გამო.

კოკა კვირკველია