შპს „დეკორაციების და ქანდაკებების სახლის“ საჩივარზე, რომელიც შეეხებოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევას, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა არ დაიწყო.
მომჩივანი კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებად გამგეობის მიერ, 2019 წლის 20 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაოს შესრულებისათვის არასამართლიანი ვადის განსაზღვრას მიიჩნევდა.
“თუმცა, საქმის მასალების შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სააგენტოში სადავოდ გამხდარი ქმედება, დღეის მდგომარეობით, უკვე სასამართლოს შესწავლის საგანია და ამასთან, მომჩივანი სადავოდ ხდიდა გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით მის მიერვე ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადას, რაც, თავისი არსით, ორ მხარეს შორის სახელშეკრულებო დავას წარმოადგენს. ამდენად, ხსენებული ქმედების შეფასება სცილდება კონკურენციის სააგენტოს კომპენტენციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, სააგენტომ საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება,”-აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.
ცნობისთვის, „კონკურენციის შესახებ“ მე-10 მუხლი სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობას გულისხმობს.