ოთარ დანელია: მორალი არაფერ შუაშია, ეს არის რუსეთთან ჩვეულებრივი სავაჭრო-საბაზრო ურთიერთობები

ვფიქრობ, რომ აქ მორალი არაფერ შუაშია, ეს არის ჩვეულებრივი სავაჭრო-საბაზრო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან.

ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენად მართებულია პოლიტიკურად საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სავაჭრო ურთიერთობები მაშინ, როდესაც დასავლეთის რიგი ქვეყნებისთვის რუსეთმა დააწესა შეზღუდვები ექსპორტზე.

ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ არსებული ვითარება პირიქით, საქართველოდან ექსპორტის მოთხოვნილებას გაზრდის.

"რაც შეეხება ექსპორტს, ჩვენ ნაწილში არაფერი საგანგაშო ჯერ არ შეიმჩნევა. ძალიან ჯანსაღი კომუნიკაცია ისევ მიმდინარეობს რუსეთის ფიტოსანიტარულ და "როსსელხოზნადზორის" სხვადასხვა უწყებებთან; შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ პრობლემა არ იქნება, პირიქით, ლოგიკურია, რომ გაიზარდოს ექსპორტი. ქართული პროდუქცია ისედაც დიდი მოთხოვნით სარგებლობს რუსეთის ბაზარზე და ბევრი მათგანი პრემიუმ სეგმენტშია. შესაბამისად, პოპულარულია ქართული პროდუქციის და სასმელების ექსპორტი. ბაზარი თავისუფალია, მას აქვს თავისი სამოქმედო არეალი და პარტნიორული ურთიერთობები", - განაცხადა ოთარ დანელიამ და დასძინა, რომ თუ საქართველოსთვის ოდესღაც ბაზარი დაკეტილი იყო, სხვისთვის ღია იყო.