ბრიტანელი ბლოგერები და ჟურნალისტები აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებსა და ბლოგებს ამზადებენ.
წამყვანი ბრიტანული ონლაინგამოცემების წარმომადგენლებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს. ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაოებების მონახულების შემდეგ ისინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მტირალას ეროვნულ პარკსა და მთიან აჭარას სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი სამზარეულო და ღვინო დააგემოვნეს. რეგიონის ისტორიასა და წარსულს ჟურნალისტები ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაეცნენ. გარდა ბრიტანელი ჟურნალისტებისა, მაისში რეგიონს მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტები პოლონეთიდან, ისრაელიდან და ბელორუსიდან სტუმრობდნენ. უახლოეს პერიოდში კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს გერმანიიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ელოდება.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენი მოწვევით 1000-ზე მეტი ბლოგერი, ჟურნალისტი და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა რეგიონს, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჟურნალისტებმა საკუთარი თვალით ნახონ ის ტურისტული პროდუქტები, რასაც ვთავაზობთ პოტენციურ ტურისტებს რეგიონში სტუმრობისას. ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნაწილი ჩვენი კამპანიებისა, რადგან მილიონობით აუდიტორიაზე გადის ჟურნალისტების მიერ პირველწყაროდან მიღებული ინფორმაციები. ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო მედიატური დიდი ბრიტანეთიდან. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნებისმიერი მსგავსი ტიპის აქტივობებს ევროპული ქვეყნებიდან, რადგან ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტია მეტი ევროპელი ტურისტი რეგიონში. წელს, პირველად გვემატება ჩარტერები სამი ევროპული ქვეყნის დედაქალაქიდან, რაც ბუნებრივია, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ევროპელი ტურისტების მოზიდვასა და რეგიონის პოპულარიზაციას,“ - აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.