საქსტატის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის დონემ 4.7% შეადგინა, რაც მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 % შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ითაა განსაზღვრული.
საქსტატის მონაცემებით, მაისში ყველაზე მეტად - 21.1%-ით ფასები თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფის პროდუქტებზე გაიზარდა. სურსათის ფასების წლიურმა ზრდამ კი 7.9% შეადგინა.
უფრო კონკრეტულად, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (33.7 პროცენტი), თევზეული (13.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (11.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.2 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-19.9 პროცენტი).
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 21.1 პროცენტით, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (44.6 პროცენტი).
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.4 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.6 პროცენტი).
დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 4.6 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.26 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.4 პროცენტი).
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3 პროცენტით, რაც 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.5 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.6 პროცენტი).