რის ხარჯზე გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტი?

ქართული მინერალური წყლების ექსპორტი, ერთი წლის განმავლობაში, 63,6%-ით არის გაზრდილი

ქართული მინერალურ წყლები მთელ მსოფლიოში მოწონებით სარგებლობს, მას სიამოვნებით მიირთმევდნენ და დღესაც მიირთმევენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. განსაკუთრებით მატულობს ამ პროდუქციის რეალიზაცია ზაფხულობით და ეს არავის უკვირს, უფრო მეტიც - მეწარმეები ამ სეზონისათვის საგულდაგულოდ ემზადებიან. ნინო ანთიძე მცირე მაღაზიის მფლობელია და უკვე შეჩვეულია, რომ ზაფხულის მოსვლისთანავე თავის მაღაზიაში დიდი რაოდენობით მინერალური წყალი უნდა მოიმარაგოს: ”ივნისი რომ მოდის, უკვე ვიცი, რომ მინერალური წყლების გაყიდვა მოიმატებს. ხუმრობით ზაფხულს მინერალური წყლების სეზონსაც კი ვეძახით. განსაკუთრებით კარგად იყიდება ქართული მინერალური წყლები წელს, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ცხელა. ტრადიციულად, ყველაზე დიდი რაოდენობით ”ბორჯომი”, ”ნაბეღლავი” და ”ლიკანი” იყიდება, ამას მოსდევს ”საირმე”, ”ფლატე” და სხვა მინერალური წყლები, რომლებიც ჩვენს ბაზარზე შედარებით მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი, თუმცა მათ თავისი მყიდველი ჰყავს.

წელს, პირველ კვარტალში, მნიშვნელოვნად მოიმატა ჩვენი მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებელმაც. ბოლო წლებში, რუსული ემბარგოს მოხსნის შედეგად, ამ სფეროში ზრდის ტენდენცია აშკარად იკვეთებოდა, მაგრამ წელს ეს ზრდა განსაკუთღებით თვალშისაცემია. კერძოდ, ქართული მინერალური წყლების ექსპორტი, ერთი წლის განმავლობაში, 63,6%-ით არის გაზრდილი - ამის თაობაზე ინფორმაცია ”საქსტატმა” გაავრცელა: "საქსტატის" მონაცემებით, 2014 წლის იანვარ-ივნისში უცხოეთის ბაზრებზე 72,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქართული მინერალური წყალი გავიდა, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – ამ მაჩვენებელმა 44,359 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საექსპორტო პროდუქციაში მინერალურ წყლებს მეოთხე პოზიცია უკავია. მისი წილი კი მთლიან ექსპორტში ერთი წლის განმავლობაში 3,6-დან 5,1 პროცენტამდე გაიზარდა.

ექსპორტის ზრდაზე საუბრობენ მინერალური წყლების მწარმოებელ კომპანიებშიც. კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველოს” წარმომადგნელთა თქმით, დღეისათვის ”ბორჯომი” მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ამ ქვეყნებს შორის არიან დსთ-ს სივრცეში შემავალი ქვეყნები და ისეთი შორეული სახელმწიფოები, როგორიცაა: ბელგია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, იაპონია, ჩინეთი, შვეიცარია, ლუქსემბურგი და ა.შ... თუმცა ამ ქვეყნებიდან კომპანია ”ბორჯომის” პროდუქციის ექსპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით მაინც დსთ-ს სივრცეში ხორციელდება. კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნიცა ჩოლოყაშვილმა, bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნა:

-ბოლო ხანებში მინერალური წყლების რეალიზაცია და ექსპორტი მართლაც საგრძნობლად გაიზარდა, რაც ძირითადად რუსეთის ბაზრის გახსნამ განაპირობა. ცხადია, სწორედ ამ მიზეზით, ჩვენი კომპანიის საექსპორტო მაჩვენებლებიც გაიზარდა: დაახლოებით 10-15 %-იანი ზრდა ყველა სტრატეგიულ ბაზარზე გვაქვს. თუმცა ამ მაჩვენებელს, გასულ წელს ახალი ბაზრის - რუსეთის გახსნაც დაემატა. შესაბამისად, ზრდის მაჩვენებელი სერიოზულად მატულობდა მთელი 2013 წლის განმავლობაში. ალბათ, ეს ტენდენცია 2014 წელსაც გაგრძელდება. რაც შეეხება ჩვენს გეოგრაფიულ არეალს, ამჟამად ”ბორჯომი” მსოფლიოს 40 ქვეყანაში გადის ექსპორტზე, მაგრამ დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნები მაინც ჩვენი სტრატეგიული ბაზრებია. ყველა ამ ქვეყანაში "ბორჯომი" ნომერ პირველი ბრენდია გაყიდვების მიხედვით. ქართული მინერალური წყალი ლოკალურ ბრენდებსაც კი უწევს სერიოზულ კონკურენციას. რაც შეეხება აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს, აზიასა და ამერიკას, ამ ქვეყნებში "ბორჯომი" ძირითადად ეთნიკურ ბაზარზეა წარმოდგენილი.

მინერალური წყლის ექსპორტის ზრდაზე საუბრობენ ”ნაბეღლავის” მწარმოებლებიც. ცნობილია, რომ ”ნაბეღლავი” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება და ქართულ ბაზარზეც საკმაოდ მძლავრად არის წარმოდგენილი. მათი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტის მატებაზე გვესაუბრება ვიქტორია შიშკო - კომპანია ”წყალი მარგებლის” პიარმენეჯერი:

-როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს კომპანიაზე, ის ამ მხრივ გამორჩეული სულაც არ არის: ფაქტია, რომ ”ნაბეღლავის” ექსპორტიც საგრძნობლად გაიზარდა. რა თქმა უნდა, ეს მრავალწლიანი გამოცდილებისა და აქტიური მუშაობის შედეგია და ჩვენ ამას მოველოდით კიდეც. ჩვენს კომპანიაში წარმოებული გაზირებული მინერალური წყალი "ნაბეღლავი" მოწონებით სარგებლობს არა მარტო ქართულ, არამედ უცხოურ ბაზრებზეც. აქვე უნდა გაგიმხილოთ, რომ რუსეთის ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე არაერთ კომპანიას აინტერესებს, სულაც არ არის ჩვენი ექსპორტის ზრდის მთავარი მიზეზი. მოგახსენებთ, რომ ამ ბაზრის წილი ჩვენს პორტფელში საკმაოდ მცირე ოდენობისაა: რუსეთში ჩვენ ახალი შესულები ვართ და ამ ბაზარს ძალზე ფრთხილად ვეკიდებით. ეს ჩვენთვის უფრო დამატებითი ბაზარია, სადაც შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს სიტუაცია. "ნაბეღლავი" გადის დაახლოებით 20 ქვეყანაში. ვინაიდან ახლა წლის შუა პერიოდია, რთული იქნება ჩვენი პროდუქციის ექსპორტის ზრდის ზუსტი ასახვა. წლის ბოლოს, შემაჯამებელ დოკუმენტში აისახება კომპანია ”წყალი მარგებლის” საქმიანობის კონკრეტული შედეგები და გპირდებით, რომ ამ მაჩვენებლებს სრულიად ქართულ საზოგადოებას გავაცნობთ.

ხათუნა ჩიგოგიძე