„საქართველოს მთავრობა აგრძელებს კონკრეტულ ზომებზე მუშაობას ევროკავშირის ქვეყნებში უკანონო მიგრაციის აღკვეთისა და უვიზო რეჟიმის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით“, - ამის შესახებ 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე პრემიერ-მინისტრის მოხსენებაშია ნათქვამი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმდინარეობდა კონსულტაციები საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების მიზნით.
დღესდღეობით, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს ევროკავშირის/შენგენის 12 ქვეყანა: ბულგარეთი, საფრანგეთი, ლიხტენშტეინი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია, ლუქსემბურგი, ირლანდია, ესტონეთი, დანია, ჩეხეთი.
„საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა კონსულტაციები წევრ ქვეყნებთან საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების მიზნით, რაც ავტომატურად გულისხმობს თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების დაჩქარებული პროცედურით განხილვას. ამასთან, საქართველოს მთავრობა აგრძელებს კონკრეტულ ზომებზე მუშაობას, მათ შორის, ევროკომისიასა და ცალკეულ წევრ-სახელმწიფოებთან ერთად, ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უკანონო მიგრაციის აღკვეთისა და უვიზო რეჟიმის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით.
უვიზო მიმოსვლით გათვალისწინებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების მიზნით და წარმოქმნილი გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები − გაღრმავდა ორმხრივი საპოლიციო თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, გაფართოვდა პოლიციის ატაშეების ქსელი, გაძლიერდა თანამშრომლობა ევროკავშირის სააგენტოებთან (Europol-სა და Frontex-თან). 2019 წლის 29 მარტს გაფორმდა საქართველოსა და ევროკავშირის სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (ევროჯასტს) შორის თანამშრომლობის შეთანხმება,” - ნათქვამია პრემიერის მოხსენებაში.