რა ქონებას ფლობს გიორგი გახარია და როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა

2018 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას შემოსავალმა აღნიშნულ პოსტზე 60 654,6 ლარი შეადგინა.

მას შემდეგ, რაც გახარია შს მინისტრის პოსტზე დაინიშნა, აქტიურად საუბრობენ, რომ მინისტრთა კაბინეტში ის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. ცნობისთვის, გახარია შს მინისტრის თანამდებობას 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებს, ის ამავე დროს საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანიც არის.

რაც შეეხება მინისტრის ქონებას, 2019 წლის 30 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის პირად საკუთრებაში არც უძრავი და არც მოძრავი ქონება ფიქსირდება.

ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში გახარიას სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 4 850.99 ლარი და 266,76 დოლარი ჰქონდა. რაც შეეხება გახარიას გასავალს, შვილის სწავლის საფასურის სახით მისმა გასავალმა გასულ წელს 5 220 ევრო შეადგინა.

გიორგი გახარია მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილს „ტოიოტა RAV4-ს“, რომელიც 2016 წელს 22 000 დოლარად აქვს შეძენილი. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 520,006.41 დოლარი და 1 192,5 ლარი ჰქონდა. გახარიას მეუღლის გასული წლის შემოსავალმა ავერსის ცენტრალურ კლინიკაში ექიმ-ბაქტერიოლოგად მუშაობისას 11 372 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება გახარიას პროფესიულ გამოცდილებას, 2004-2008 წლებში ის SFK Group-ის გენერალური დირექტორი იყო. 2006 წლიდან 2009 წლამდე გახარია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი გახლდათ. 2008 - 2013 წლებში იყო Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში. 2013 წლიდან 2016 წლებში საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, 2014 - 2016 წლებში ეკონომიკური საბჭოს მდივანი, შემდეგ კი ეკონომიკისა და შს მინისტრი.

თაია არდოტელი