რა საფრთხეებს უქმნის უკრაინის კრიზისი საქართველოს?

”თუ გრივნას გაუფასურება გაგრძელდა, ეს მნიშვნელოვნად გააძვირებს უკრაინიდან საქართველოში იმპორტირებულ პროდუქტებს”.

უკრაინაში ვითარება კიდევ უფრო იძაბება, ეკონომიკური კრიზისი კი სულ უფრო ღრმავდება. უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, შესაბამისად, სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა - რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაზე და როგორ აისახება უკრაინის კრიზისი ექსპორტსა და იმპორტზე?

ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი: ”კონკრეტული ციფრების დასახელება რთულია. ყველაფერი დამოკიდებულია პროცესების განვითარებაზე. იმაზე, თუ სად შეიძლება გამოიკვეთოს პრობლემები ქართულ-უკრაინული ეკონომიკური ურთიერთობის კონტექსტში, რუსულ-უკრაინული კონფლიქტის ფონზე. დიახ, უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და უკრაინაში მიმდინარე პროცესები, თავისთავად გავლენას ახდენს ქართულ ეკონომიკაზე. რამდენიმე პარამეტრზე გავამახვილოთ ყურადღება. პირველ რიგში, ეს არის ზოგადად არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა უკრაინაში, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს უკრაინული ვალუტის - გრივნას მსყიდველობითუნარიანობაზე. გაძვირებული გრივნა პირდაპირ აისახება საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ფასზე. შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ გრივნას გაუფასურება გაგრძელდა, ეს მნიშვნელოვნად გააძვირებს უკრაინიდან საქართველოში იმპორტირებულ პროდუქტებს. მოგეხსენებათ, რომ უკრაინიდან საქრთველოში, ძირითადად კვების პროდუქტები და სამშენებლო მასალები შემოდის. შესაბამისად, ამ პროდუქტებზე ერთი მხრივ მოსალოდნელია ფასების ზრდა და მეორე მხრივ, დასაშვებია შეიქმნას სირთულეები საქონლის შემოტანის თვალსაზრისით.

უკრაინასთან დაკავშირებული მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ტურიზმია. უკრაინელი ტურისტების ხვედრითი წილი საქართველოში დიდი არ არის, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი. ხოლო, როცა ქვეყანა კრიზისულ რეჟიმში გადადის, მოსახლეობაც გარკვეულ ეკონომიურ რეჟიმს ირჩევს და ამ თვალსაზრისითაც მოლოდინები ნეგატიურია.

მესამე საკითხი კი ფულადი გზავნილებია. მოგეხსენებათ, რომ უკრაინაში სამუშაოდ ბევრი ქართველია წასული და იქიდან გამოგზავნილი თანხებით არჩენენ საქართველოში ოჯახებს. ამ თვალსაზრისითაც უნდა ველოდოთ გარკვეულ ჩავარდნებს.

გამომდინარე აქედან, ზოგადად კონფლიქტის ესკალაცია და გაღრმავება ქმნის გარკვეულ საფრთხეებს უკრაინული სავაჭრო ურთიერთობებისთვის. თუმცა, მე ვერ ვიტყვი, რომ ამან შეიძლება მნიშვნელოვნად აზარალოს ქართული ეკონომიკა, რადგან ყოველთვის არსებობს ალტერნატივა და ის პროდუქტი, რომლითაც დღეს ქართულ-უკრაინული სავაჭრო ურთიერთობები იმართება, შეიძლება ალტერნატიულით ჩანაცვლდეს. თუმცა, ზოგადად ეკონომიკური ურთიერთობის მოშლის პერსპექტივა, სირთულეების გაჩენის საფრთხე, ფასების ზრდა უკრაინულ პროდუქტებზე - ეს ის რეალური გამოწვევებია, რასაც ქართველმა მომხმარებელმა და ბიზნესმა თვალი უნდა გაუსწოროს და ამ მოცემულობის შესაბამისად გადააწყოს პრიორიტეტები სავაჭრო ურთიერთობებში”.

თამარ კორკოტაშვილი