ყვითელი ”მარშრუტკებიდან” მძღოლები გარბიან

მძღოლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტოგაზზე გადაჰყვათ

შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, ”თბილისის მიკროავტობუსიდან” მძღოლები გარბიან. როგორც ”რეზონანსმა” შეიტყო, მარტო ერთი სამარშრუტო ხაზიდან 7 მძღოლი წავიდა, რასაც ”თბილისის მიკროავტობუსში” არ ადასტურებენ.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მძღოლებს პრობლემები არ შექმნიათ და რეალურად არ არსებობს არც ერთი ფაქტი, კომპანიიდან მძღოლის წასვლას რომ დაადასტურებს.

ერთ-ერთი პრობლემა, რასაც ”თბილისის მიკროავტობუსებში” ასახელებენ, მიკროავტობუსში კონდიციონერის ჩართვას უკავშირდება. კომპანიის პრესცენტრის ცნობით, კონკრეტულ ფაქტებზე სანქციები ტარდება და რამდენიმე მძღოლი დაჯარიმდა კიდეც. თუმცა, რამდენი მძღოლია დაჯარიმებული და რა სანქციები გატარდა, არ სახელდება.

როგორც მძღოლები აცხადებენ, კონდიციონერი არ არის ერთადერთი პრობლემა, რაც მათ აწუხებთ. ისინი კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ორგანიზაციის მხრიდან ელემენტარული კონტროლიც არ არსებობს და დღემდე გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა.

მიკროავტობუსებში შექმნილ პრობლემებს მძღოლები გაუმართავ სისტემას უკავშირებენ, რის გამოც მგზავრები ზარალდებიან, ხოლო სიტუაციის გამოსასწორებლად რეალურად არაფერი კეთდება.

ბოლო დროს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემაში დიდ პრობლემად იქცა კონდიციონერი, რომელიც მუდმივად გაუმართავია და მგზავრების უკმაყოფილებას იწვევს. კომპანიის არაერთ განცხადებას, რომ კონდიციონერები მასობრივად შეაკეთეს, მძღოლები მორიგ სიცრუეს უწოდებენ. მათი მტკიცებით, შემოწმება საერთოდ არ ჩატარებულა და მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა.

პრობლემა მხოლოდ კონდიციონერს არ უკავშირება. მძღოლებს გაუმართავი მიკროავტობუსებით უწევთ გადაადგილება და დილის 7 საათიდან ღამის 11 საათამდე მუშაობენ, რაც ამ ადამიანებისა და მგზავრებისთვის სარისკოა.

მიკროავტობუსის ერთ-ერთი მძღოლი, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ, ”რეზონანსს” ესაუბრა პრობლემებზე, რასაც ის და ასობით მისი კოლეგა ყოველდღიურად აწყდება. უკმაყოფილო მძღოლის ინფორმაციით, ბოლო თვის განმავლობაში, მარტო ერთ სამარშრუტო ხაზზე სამუშაო შვიდმა მძღოლმა დატოვა - მათ პირობებს ვერ გაუძლეს და გაიქცნენ.

მძღოლი ამბობს, რომ ”თბილისის მიკროავტობუსების” მხრიდან ელემენტარული ხელშეწყობაც არ აქვთ, რის გამოც მათი საქმიანობა ინტერესს კარგავს.

”მხოლოდ კონდიციონერის გაუმართაობა რომ იყოს, კიდევ გაუძლებდა კაცი, თუმცა აქაც იტყუება კომპანია, როცა პრესასთან აკეთებს განცხადებას და მძღოლებს სანქციებით ემუქრება. არც ერთი მძღოლი ამ მიზეზით არ დაუჯარიმებიათ და ამას ვერც გააკეთებენ. დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ თითქმის ყველა სამარშრუტო ტაქსში კონდიციონერი ყველგან გაუმართავია და რომელი ერთი უნდა დააჯარიმონ? კონტროლსაც არ ახდენენ, არც აინტერესებთ, რეალურად რა ხდება და რა პრობლემებია ამ სისტემაში. ერთხელ არ მოსულან, რომ სიტუაცია შეესწავლათ.

გაცვეთილი საბურავებით დავდივართ, როდის რა დაგვემართება, კაციშვილმა არ იცის. ერთი მიზანი აქვთ, რომ ჩვენგან ფული აიღონ. ეს ერთადერთია, რისი კონტროლიც ”თბილისის მიკროავტობუსს” არ ავიწყდება. ძველი დრო დაბრუნდა, არც მეტი, არც ნაკლები; უარესიც - სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კონტროლი მაინც ხდებოდა, ესეც მიატოვეს. მხოლოდ ერთი განსხვავებაა: სააკაშვილის დროს ხმის ამოღებას ვერ ვბედავდით, ახლა უკმაყოფილებას გამოვხატავთ, ვაპროტესტებთ კიდეც, მაგრამ შედეგი არც ახლა გვაქვს”, - ამბობს უკმაყოფილო მძღოლი.

გაუმართაობის გამო მიკროავტობუსები სისტემატურად გამოდიან მწყობრიდან, მათი შეკეთებაც მძღოლების კისერზეა და ვინც ვერ ახერხებს, გარბის. მძღოლების თქმით, დედაქალაქის ტერიტორიიდან ”მარშრუტკებმა” შემოგარენისკენ გადაინაცვლეს, სადაც მეტი სარგებელიც აქვთ. ამასთან, იყიდება ადგილები, რაზეც ”თბილისის მიკროავტოუბსშიც” იციან, მაგრამ თვალს განგებ ხუჭავენ და ეს პროცესი რეაგირების მიღმა რჩება.

”ყოველდღიურად 1800 მანქანა გამოდის, ამ ზაფხულში ცოტა შემცირდა. ყველა ხარჯი ჩვენს კისერზეა. ამიტომ ვერც ფინანსურად და ვერც ფიზიკურად ვეღარ ვუძლებთ. გამკითხავი არავინაა, სრული ქაოსია ამ სისტემაში და ამ პრობლემით ხელისუფლება საფუძვლიანად უნდა დაინტერესდეს. ყვითელი მიკროავტობუსების შენახვა კომპანიას ერთი თეთრიც არ უჯდება. სამუხრუჭე ხუნდების პრობლემის გამო 3 მანქანა გაჩერდა. ერთი კბილანა 900 ლარი ღირს, დეფიციტია დედაქალაქში და მანქანების შეკეთება ვერ ხერხდება. უბედურება ისაა, რომ გაკეთებიდან ერთ კვირაში ფუჭდება, ვერაფერი გაუგეს.

შაბათ-კვირას სრული ქაოსია. მძღოლები ხედავენ, რომ ვალი ედებათ და ვერ გამოდიან, ვერც ძალას ატანენ და ამ დროს მგზავრი ზარალდება, აბსოლუტურად უკონტროლო სიტუაციაა.

ადრე ხაზები იყიდებოდა, ახლა კიდევ ადგილები, ზეპირად იცის ყველამ, მაგრამ რეაქცია არ აქვთ. მგზავრობა 50 თეთრი რომ ღირდა, ხუთჯერ მეტი შემოსავალი მქონდა, სამუშაოც იყო, ახლა ყველას გაქცევისკენ გვიჭირავს თვალი. დავით ნარმანია შეგვპირდა, რომ მიდგომა შეიცვლება, ახლა ამის იმედი გვაქვს, მხოლოდ ეს გვაკავებს”, - აცხადებს მიკროავტობუსის მძღოლი.

ის, რომ ”თბილისის მიკროავტობუსში” პრობლემებია, თბილისის საკრებულოსთვის უცხო არ არის. საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია ”დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ ”თბილისის მიკროავტობუსების” კაბალური ხელშეკრულება გადასახედია.

”ამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც დავით ნარმანიამ მთავრობის კანდიდატები დასამტკიცებლად წარადგინა, პირველ რიგში, ”ყვითელ მიკროავტობუსებთან” დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მოვითხოვე. ჩემი მოთხოვნაა, გადაიხედოს ხელშეკრულება. მძღოლებს უკმაყოფილების მიზეზი ნამდვილად აქვთ, გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ისინი არიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი, იმდენად აუტანელ პირობებში უწევთ მუშაობა. აბსოლუტურად არ გაემტყუნებათ.

ელემენტარულად, დაუსრულებელი მსჯელობაა კონდიციონერის ჩართვაზე, 21-ე საუკუნეში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასეთი პრობლემა არსებობდეს, სირცხვილია. სხვა რომ არაფერი, მგზავრებით გადაჭედილი მიკროავტობუსის გადაადგილება სახიფათოა, შეიძლება, ცუდად დასრულდეს. პასუხისმგებლობა ეკისრება არა მძღოლს, არამედ კომპანიას, რომლის გამოც სატრანსპორტო სისტემა ქვეყანაში გაუმართავია.

თბილისის მასშტაბით არ მეგულება კმაყოფილი მძღოლი, რომელსაც თავისი სამუშაო პირობები მოსწონდეს. არ მეგულება არც ერთი კმაყოფილი მგზავრი, ვინც მომსახურების ამ სფეროზე კარგს იტყვის. მძღოლებს, ელემენტარულად, რადიომიმღების ჩართვის შესაძლებლობა არ აქვთ, რაც ტრეფიკინგის ტიპიური მაგალითია”,- აცხადებს ოგბაიძე და დასძენს, რომ ”თბილისის მიკროავტობუსებში” არსებული პრობლემების მოგვარებით პირადადაა დაინტერესებული.

”თბილისის მიკროავტობუსის” კაბალური ხელშეკრულება გადასახედია. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, გამოვიკვლიოთ მძღოლების უკმაყოფილების მიზეზი, შედეგად იმ ადამიანების ნეგატიური განწყობა, რასაც მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უქმნით. ამ საკითხს, როგორც კი ახლადდაკომპლექტებული მთავრობა მუშაობას აქტიურად შეუდგება, მივხედავთ და მძღოლთა უფლებების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ. თბილისის მერისგან გვაქვს მხარდაჭერაც, ის პირადად დაინტერესებულია ამ პრობლემის მოგვარებით. დიდი იმედია, პასუხის გაეცემა ყველა კითხვას, რაც საზოგადოებას ”თბილისის მიკროავტობუსის” მიმართ დაუგროვდა”, - აცხადებს ოგბაიძე.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”

P.S. BPN-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ფინანსური პრობლემებისგან თავის დასაღწევად, ე.წ. ”ყვითელი მარშრუტკების” მძღოლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტოგაზზე გადაჰყვათ, რისთვისაც ბევრი საბანკო სესხსაც კი იღებს. ბუნებრივია, ავტოგაზით ავტომობილის გამართვა ბევრად უფრო იაფი დაუჯდებათ, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია, რამდენად დაცული იქნება ამ შემთხვევაში მგზავრების უსაფრთხოება?