საქართველოს ბაზარზე ღამის სამოსის ახალი ბრენდი გამოჩნდა.
კომპანია „მარისი“ 2019 წელს შეიქმნა და მომხმარებელს ექსკლუზიურად დამზადებულ სამოსს სთავაზობს. ამ ეტაპზე პროდუქტი მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით იყიდება.
როგორც „მარისის“ დამფუძნებელმა მარიამ მაისურაძემ „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას განაცხადა, თავდაპირველად კომპანიის ბიუჯეტი 700 ლარი იყო.
„კომპანია წელს გაზაფხულზე შეიქმნა. მე ვარ დიზაინერი, მყავს მკერავი და კონსტრუქტორი, ვინც შეკერვამდე ჭრის. ამ ეტაპზე საწარმო არ გვაქვს, უბრალოდ, ერთ-ერთ სამკერვალო ატელიესთან ვთანამშრომლობთ, სადაც სამოსს ვამზადებთ.
ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქტი მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით იყიდება. ასევე უკვე შეკვეთა გვქონდა მილანიდან. სავარაუდოდ, ზამთარში მონაწილეობას მივიღებთ handmade-ის მარკეტში, რომელიც იტალიაში, ბოლონიაში ტარდება.
ვთვლი, რომ ფასები საშუალო სეგმენტზე გათვლილია. ხარისხის შესაბამისი ფასები გვაქვს, შეიძლება ითქვას, დაბალიც. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ბაზარზე მცირე შემოსავლიანი მომხმარებელი გვყავს. როცა იტალიაში ჩვენი ფასების შესახებ გაიგეს, ძალიან გაუკვირდათ, რადგან ეს არის ექსკლუზიური პროდუქტი. სპეციალურად დახატული და შეკერილი,“ - განაცხადა მარიამ მაისურაძემ.
მისი თქმით, ქართულ ბაზარზე კონკურენტები ჰყავთ, თუმცა თავის დამკვიდრებას და კონკურენციის გაწევას ექსკლუზიურობით აპირებს.
„რა თქმა უნდა, კონკურენტები გვყავს, განსაკუთრებით ყველაზე პოპულარულია „ნინეა“, რომელიც ასევე ღამის სამოსს ქმნის. ჩვენი პროდუქტი მათგან იმით განსხვავდება, რომ ჩვენი ექსკლუზიურად მზადდება, ამიტომ სხვას არ გავს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ თანამედროვე ტენდენციებს.
რაც შეეხება მასალებს, გვაქვს ატლასი, აბრეშუმი და ე.წ შიფონი. ყველა ისეთი მასალა გვაქვს, ღამისთვის გამოსადეგია, რბილი და ხარისხიანია. ყველა მოდელი ინდივიდუალურია, თუმცა თითოეული მოდელის შეკერვას დაახლოებით 3-4 დღე სჭირდება“ - განაცხადა მაისურაძემ.