2019 წლის 1-ელ კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 663.8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.2 პროცენტით აღემატება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.3 პროცენტი ქალი, ხოლო 57.7 პროცენტი - კაცია.
ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.9 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.6 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.
„საქსტატის“ ცნობით, ბიზნეს სექტორში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 619.4 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 2.6 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 183.5 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.3 პროცენტით მეტი).
„მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.6 პროცენტი, 12.6 პროცენტი და 10.6 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (9.0 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.3 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.6 პროცენტი),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27.5 პროცენტით გაიზარდა და 22.9 მილიარდი ლარი შეადგინა.