„2019 წლის პირველ კვარტალში მათგან, ვისაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ეკუთვნოდა, 28% ინსპექტირებაზე არ გამოცხადდა“.
ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ ჩატარებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული.
„ამ ეტაპზე შეუძლებელია რეალურად ექსპლუატაციაში მყოფი ავტოპარკისა და მისი ინსპექტირებული ნაწილის შესახებ ზუსტი მონაცემების დადგენა ორი ძირითადი მიზეზის გამო: 1) შსს-ს გააჩნია აქტიური სტატუსით რეგისტრირებული ასს-ების შესახებ მონაცემები, თუმცა არ არსებობს ინფორმაცია რეალურად აქტიურ ექპლუატაციაში მყოფი ასს-ების შესახებ; 2) ინსპექტირების ვიზიტის კატეგორიების მხოლოდ პირველად და განმეორებით ინსპექტირებად დაყოფის გამო, პირველად კატეგორიაში ხვდებიან ის ასს-ებიც, რომლებიც განმეორებით ვიზიტზეც დახარვეზდნენ და ხელახლა მოუწიათ სავალდებულო ფასიანი ინსპექტირება,“-აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, კვლევის პროცესში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლებელია გარკვეული შეფასების გაკეთება. კერძოდ, შსს-ს 2019 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, საქართველოში 1 042 246 მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება არის რეგისტრირებული.
„რადგან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვადა განისაზღვრება რეგისტრაციის თარიღით, 2019 წლის პირველ კვარტალში ინსპექტირება დაახლოებით 260 000 მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებას უნდა გაევლო.
რეალურად პირველადი ინსპექტირება გაიარა დაახლოებით 187 000-მა სატრანსპორტო საშუალებამ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათგან, ვისაც 2019 წლის პირველ კვარტალში ეკუთვნოდა ტექინსპექტირების გავლა, 28% არ გამოცხადდა ინსპექტირებაზე. ეს მაჩვენებელი მოიცავს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებსაც, რომლებიც აქტიურ ექსპლუატაციაში არ იმყოფება და რომელთა რაოდენობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია,“-აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ინსპექტირების მონიტორინგის შედეგების მიხედვით, კვლევის პროცესში მოპოვებული ინსპექტირების სამი ყველაზე მსხვილი ბაზის ოპერატორების მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, რეფორმის ამოქმედებიდან 2019 წელის პირველი კვარტლის ჩათვლით პერიოდში 322 580 ინსპექტირების შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ 72%-ს პირველადი ინსპექტირება წარმოადგენდა, სადაც დახარვეზების მაჩვენებელი 52%-ს შეადგენდა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ინსპექტირების შედეგად ყველაზე ხშირად აღმოჩენილ ხარვეზებს შორის ჭარბობს ფარებთან, შუქამრეკლებთან და ელექტრომოწყობილობასთან (31%) და ხილვადობასთან (17%) დაკავშირებული უწესრიგობები.
ცნობისთვის, ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით და კვლევითი ორგანიზაცია „ჯეოველ რისერჩთან“ თანამშრომლობით ჩაატარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგის მეორე ეტაპი, რომელიც 2019 წლის მარტი-მაისის პერიოდს მოიცავს.