Huawei ზღვისქვეშა კაბელებს ყიდის და სმარტფონების წარმოებას ამცირებს

ჩინური კომპანია Huawei მის ერთ-ერთ ბიზნესზე - ზღვისქვეშა ოპტიკური კაბელების ქსელზე უარის თქმას აპირებს. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამერიკულ „შავ სიაში მოხვდა“.

Huawei Marine Systems-ი, კომპანია, რომელშიც თავად Huawei აქციების 51%-ს ფლობს, კონტინენტებს შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების ქსელს წარმოადგენს, რომლებიც ოკეანეების ფსკერზეა გადებული. მსგავსი ბიზნესი აქვთ ისეთ ამერიკულ კომპანიებს, როგორებიც არიან Microsoft, Facebook, და Google. ჩინელების აღნიშნული კომპანია 2009 წელს შეიქმნა და ამ დროისთვის მისი კაბელების ქსელის სიგრძე 50,000 კილომეტრს შეადგენს. თუმცა კომპანიის მიმართ აგორებული სკანდალის ფონზე და გაფუჭებული რეპუტაციის შედეგად Huawei Marine Systems-ს უჭირს ახალი კონტრაქტების მოპოვება. გასაყიდი ფასის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი - იუწყება FT.

გარდა ამისა, ამავე წნეხის პირობებში კომპანია აპირებს შეამციროს სმარტფონების წარმოება. ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ შეამცირა შეკვეთები მის ერთ-ერთ მიმწოდებელთან კომპანია Foxconn-თან. აღნიშნულის შესახებ ჩინური გამოცემა South China Morning Post წერს.

კოკა კვირკველია