საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ მაისში 424,514 შეადგინა, რაც 64,770-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ზრდა 18%-ს შეადგენს. ამ მონაცემებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, მაისში საქართველოში 723,160 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +14.2%-ია.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო +48.2%, შვედეთი +31.2%, პოლონეთი +27.2%, გერმანია +26.4%, საფრანგეთი +26%, ნიდერლანდები +22.3%, და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ყირგიზეთი +135.4%, უზბეკეთი +90.5%, ყაზახეთი +84.6%, ჩინეთი +56.4%, ბელორუსი +45.8%, აშშ +33.9% და სხვა.
ამასთან, 2019 წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოში 2,988,478 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.4%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,655,163 შეადგინა, რაც 121,378-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +7.9%).