კომუნიკაციების კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგი ჩაატარა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგი ჩაატარა.

მონიტორინგი 1 ივლისიდან 15 ივლისის პერიოდში ჩატარდა და შემოწმებას ის კომპანიები დაექვემდებარა, რომლებსაც რადიოსიხშირული რესურსი კომისიის გადაწყვეტილებით დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით ჰქონდათ მინიჭებული.

კომისიის მონიტორინგის სამსახურმა შემოწმების შედეგად ადმინისტარციულ სამართალდარღვევის ოქმი ათ იურიდიულ პირს შეუდგინა, აქედან, ექვსი კომპანია თბილისში ოპერირებს, ორ-ორი კომპანია კი გორსა და ბათუმში. ათივე კომპანიის ნებართვას კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ერთწლიანი ვადა ჰქონდა ამოწურული და რადიოსიხშირულ სპექტრს თითოეული მათგანი ყოველგვარი ნებართვის გარეშე იყენებდა.

"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, კომისია რადიოსიხშირულ სპექტრს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მსურველ პირს ერთი წლის ვადით ანიჭებს. ამ ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე იურიდიული თუ ფიზიკური პირი რადიოსიხშირული რესურსით მომავალი ერთი წლით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, ვალდებულია კომისიას ხელახლა მიმართოს. კომისია მომართვიდან ერთი თვის ვადაში ახალი გადაწყვეტილებით ხელმეორედ ანიჭებს აღნიშნულ რესურს მსურველს.

არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ძირითადად პირები, რომლებსაც კომისია თავისი გადაწყვეტილებით ანიჭებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვებს, დაცვითი ან/და ტაქსით მომსახურების საქმიანობით არიან დაკავებულნი.

კომისია მომავალშიც პერმანენტულად გააგრძელებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვების მონიტორინგს.